განათლება
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში 760–მდე ადგილი არ შეივსო
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გამოცხადებული 1000 ადგილიდან საგანმანათლებლო პროგრამებზე, 340–მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. კონკურსია სომხურენოვანი მსმენელებისათვის, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს უნივერსიტეტში ე.წ. "1+4 პროგრამით" ჩაირიცხონ. ახალციხესა და ახალქალაქში, 50 ადგილზე, 192 სომხურენოვანი აბიტურიენტია დარეგისტრირებული.

რექტორის მოადგილის განმარტებით, მსმენელები ყველა გამოცხადებულ პროგრამაზე დარეგისტრირდნენ, თუმცა მათ შორის ყველაზე მოთხოვნადი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამები: ისტორია, ქართული ფილოლოგია, ეკონომიკა და აგრონომიაა. კვლავ მაღალი აქტივობა დაფიქსირდა სამართალზე. ყველზე ნაკლები მსურველია დარეგისტრირებული ფილოლოგიის, ზუსტი მეცნიერებების, უცხო ენებისა და ჟურნალისტიკის მიმართულებებზე.

ნიკოლოზ ახალკაცის განმარტებით, სასწავლებლის მიერ გამოცხადებული ადგილები არ შეივსო, თუმცა ეს მათ არ დააზარალებს. რექტორის მოადგილის თქმით, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველწლიურად 250–დან 400 სტუდენტამდე იღებს. სასწავლებელი იძულებულია მიღება გაცილებით მეტ ადგილზე გამოაცხადოს, რადგან კანონმდებლობის თანახმად უნივერსიტეტი ვალდებულია, ვაკანტური ადგილების 10% ეთნიკური უმცირებობებისთვის განსაზღვროს.

| Print |