განათლება
ახალციხეში ცხრაკლასდამთავრებულები კუთვნილ ნოუთბუქებს მერვე თვეა ელოდებიან
ახალციხის საჯარო სკოლებში 2016 წლის წარჩინებულ მეცხრეკლასელებს განათლების სამინისტროსგან ნოუთბუქები ამ დრომდე არ მიუღიათ. ასეთი კატეგორიის მოსწავლეები ჰყავს პირველ და მესამე საჯარო სკოლებს. პირველი სკოლის დირექტორი "მეცხრე არხთან" აცხადებს, რომ ლეპტოპების გამოგზავნას სამინისტრო აგვიანებს.

კომპიუტერები 2015 წელს ცხრაკლასდამთავრებულებმა შედარებით დროულად მიიღეს. დაახლოებით სამ თვეში, განათლების მაშინდელმა მინისტრმა თამარ სანიკიძემ მოსწავლეები ახალქალაქში მიიწვია და უწყების საჩუქარი თითოეულ მათგანს პირადად გადასცა. მათ შორის იყო ახალციხის პირველი სკოლის მოსწავლე ლილი ზაზაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ მოტივაციის ამაღლების მიზნით, სამინისტროსგან ეს წახალისება მნიშვნელოვანია.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ დროისათვის სამცხე–ჯავახეთის სიების დაზუსტება ხდება და რამდენიმე დღეში მოსწავლეები კუთვნილ ლეპტოპებს მიიღებენ. რატომ დასჭირდა რვა თვე სიების დაზუსტებას – ცენტრალურ უწყებაში ამაზე არ საუბრობენ.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მეცხრე კლასის წარჩინებით დამთავრების შემდეგ მოსწავლეებს ნოუთბუქებით აჯილდოვებს. ამისთვის მეშვიდე, მერვე და მეცხრე კლასებში მოზარდს წლიური ნიშანი – 10 უნდა გამოყვეს.
| Print |