განათლება
განათლების სამინისტროსგან საჩუქრის რვათვიანი მოლოდინი
მეცხრეკლასდამთავრებული  მოსწავლეები, რვათვიანი ლოდინის შემდეგ, დაპირებულ ნოუთბუქებს დღეს, 3 მაისს მიიღებენ. დაჯილდოების ცერემონია ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში შედგება.

ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, ლეპტოპები მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 29 მოსწავლეს გადაეცემა.

"ნოუთბუქი გადაეცემა ყველა იმ მოსწავლეს, რომელმაც საბაზო საფეხური წარჩინების დაასრულა. ასეთი ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 29 მოსწავლეა" – განმარტავს რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ხმალაძე.

2016 წელს მეცხრეკლასდამთავრებულები დაპირებულ ნოუთბუქებს მერვე თვეა ელოდებიან. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში "მეცხრე არხს" განუმარტეს, რომ სიების დაზუსტების პროცესი მიმდინარეობდა და დასრულების შემდეგ მოსწავლეები კუთვნილ ლეპტოპებს მიიღებდნენ.

ახალციხის რესურსცენტრის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ განათლების სამინისტროში სიების დაზუსტება საქართველოს მასშტაბით, ეტაპობრივად მიმდინარეობდა და ახალციხის მუნიციპალიტეტს ამ დროს მოუწია.

"არანაირი პროცედურა არ დარღვეულა და ყველაფერი კანონმდებლობის მიხედვით გახორციელდა" – აცხადებს ხათუნა ხმალაძე.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრების შემდეგ მოსწავლეებს ნოუთბუქებით აჯილდოვებს. ამისთვის მეშვიდე, მერვე და მეცხრე კლასებში მოზარდს წლიურად უმაღლესი ნიშანი გამოყვეს.
| Print |