განათლება
ვალის სკოლის მოსწავლე საერთაშორისო კონკურსზე
ვალის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე ლიტვაში გამართული საერთაშორისო კონკურსიდან დაბრუნდა. "პრანგლიმინე 2017"-ზე ნინო გიორგაძემ 23–ე ადგილი დაიკავა. მის კატეგორიაში მონაწილეობა 26–მა მოსწავლემ მიიღო.

მეთერთმეტე კლასელი ნინო გიორგაძე მე–7–მე–12 კლასებში, გოგონებს შორის, რესპუბლიკური კონკურსის პირველადგილოსანია. "პრანგლიმინე 2017"–ის გამარჯვებულის ტიტულის მოსაპოვებლად, იგი ექვსი ქვეყნის წარმომადგენელთა შორის იბრძოდა.

"ამ კონკურსმა გამხადა უფრო მიზანდასახული და ვფიქრობ, რომ ეს არის კონკურსი, რომელიც საშუალებას აძლევს ყველა ადამიანს გამოცადოს საკუთარი თავი, გაიღმავოს ცოდნა მათემატიკაში და ამასთანავე აქვს საშუალება გაატაროს საუკეთესო დღეები უცხოეთში. ჩემს კატეგორიაში მონაწილეობდა 26 ბავშვი და მე გავედი 23-ე ადგილას. მოგზაურობის მეორე დღეს დავათვალიერეთ კაუნა, ხოლო მესამე დღეს ვილნიუსი. ეს იყო საუკეთესო და დაუვიწყარი დღეები ჩემს ცხოვრებაში" – აღნიშნავს "მეცხრე არხთან" ნინო გიორგაძე

"პრანგლიმინე" არის ონლაინშეჯიბრება ზეპირ მათემატიკურ ანგარიშში, რომელიც "მიკსიკეს" საგანმანათლებლო პლატფორმაზე ტარდება. მთავარი პირობა დავალების სწრაფად და ზეპირად შესრულებაა.

მათემატიკური კონკურსი "პრანგლიმინე" ესტონეთის მიერ 15 წელია ხორციელდება. მასში საქართველო წელს პირველად ჩაერთო. შესაბამისად, ყოველწლიური საერთაშორისო შეჯიბრება ესტონეთს, ლატვიას, ლიტვას, სლოვენიას, უკრაინასა და საქართველოს შორის შედგა. საერთაშორისო კონკურსი წელს ლიტვაში, 29 აპრილს გაიმართა.

| Print |