განათლება
ბავშვთა მიმართ ძალადობის თემაზე სკოლის დირექტორები გადამზადდნენ
საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბულინგისა და ძალადობის გამოვლენაზე, სამცხე–ჯავახეთის სკოლის მანდატურებთან, განათლების მინისტრის მოადგილემ ისაუბრა. ლია გიგაურმა სკოლის ადმინისტრაციასა და მანდატურებს, მეტი აქტიურობისკენ და თანამშრომლობისკენ მოუწოდა. მეხუთე საჯარო სკოლაში გამართულ შეხვედრას, ნინოწმინდისა და ახალქალაქის სკოლებისთვის შერჩეული, 15 ახალი მანდატურიც ესწრებოდა.

ამჟამად ახალციხეში, ბორჯომში, ნინოწმინდასა და ახალქალაქში, მანდატურის სამსახური 14 სკოლაში ფუნქციონირებს.

მინისტრის მოადგილემ რეგიონის სკოლების წარმომადგენლებს, სერტიფიკატები გადასცა. სკოლის დირექტორები ძალადობის ფორმების, გამოვლენისა და აღმოფხვრის გზებზე გადამზადდნენ. ორდღიანი ტრენინგი, რომელსაც ფსიქოლოგები ატარებდნენ, სამცხე–ჯავახეთის 140 სკოლის წარმომადგენელმა გაიარა.

პროექტს მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი ახორციელებს. მისი მიზანი სკოლაში ბულინგის პრევენცია და ბავშვზე ძალადობის შემთხვევების ამოცნობაა.


| Print |