განათლება
ბორჯომელი მოსწავლეები ლატვიაში ახალგაზრდულ ბანაკში გაემგზავრნენ
დღეს, 24 ივლისს ბორჯომელი მოსწავლეები ლატვიის ქალაქ მადონას საერთაშორისო ახალგაზრდულ ბანაკში გაემგზავრნენ.

ბორჯომის გამგეობის ინიციატივით, პროექტი დამეგობრებული ქალაქების ბორჯომისა და მადონას მუნიციპალიტეტების ერთობლივი ინიციატივით ხორციელდება.

ბანაკში 22 მოსწავლე ხუთ მასწავლებელთან ერთად ერთ კვირას გაატარებენ.

გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განმარტებით, ბორჯომისა და მადონას მუნიციპალიტეტებს რამდენიმე წლიანი ნაყოფიერი ურთიერთობა აკავშირებთ და ინიციატივაც ამ ორმხრივი თანამშრომლობის შედეგია.

"მოსწავლეები ყველა საჯარო სკოლიდან მაღალი აკადემიური მოსწრების მიხედვით შეირჩნენ. ვფიქრობთ, ეს იქნება კარგი საჩუქარი ახალგაზრდების წასახალისებლად. მათ საშუალება ეძლევათ საზაფხულო ბანაკში არდადეგები შინაარსიანად გაატარონ. ისინი გაიცნობენ და დაუმეგობრდებიან უცხოელ თანატოლებს და გაუზიარებენ ერთმანეთს საკუთარი ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებს"- აღნიშნა გამგებელმა.

მადონას საერთაშორისო ახალგაზრდულ ბანაკში ქართველი ახალგაზრდები ლატვიელ, ფრანგ და გერმანელ მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ღონისძიებაში, მოინახულებენ ნაკრძალებს, ღირშესანიშნაობებს, დაათვალიერებენ საწარმოებს, ეწვევიან ქალაქებს იურმალასა და რიგას.

ბორჯომი და მადონა დამეგობრებული ქალაქების სტატუსს 2013 წლის 25 აგვისტოდან ატარებენ. ამ ხნის განმავლობაში ორ ქალაქს შორის მჭირდო ურთიერთობა ჩამოყალიბდა.

მუნიციპალიტეტების ინიციატივით, პერიოდულად ხდება საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარება და ორმხრივი პროექტების განხორციელება.

მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას მუნიციპალიტეტი მომავალშიც გეგმავს.
| Print |
თეგები: ბანაკი / ბორჯომი /