განათლება
,,ინტერპლიუსს" ფონდთან ერთად მუშებიც ედავებიან
ახალი სასწავლო წელი ახალციხის პირველი საჯარო სკოლის მსგავსად, საკუთარ სკოლაში ვერ დაიწყო სოფლებში – კარტიკამსა და განძაში. მიზეზი აქაც კომპანია ,,ინტერპლიუსი"–ს გამო დაუსრულებელი სარემონტო სამუშაოებია.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის უმცროსკლასელებმა სასწავლო პროცესი წელსაც სოფლის ნაქირავებ შენობაში დაიწყეს, უფროსკლასელები კი მეზობლად მდებარე სოფელ კულიკამის სკოლაში დადიან.

ორი წლის წინ, სოფელ კარტიკამში დაწყებული სკოლის რემონტი ჯერ კიდევ 3 ივნისს უნდა დასრულებულიყო. სარემონტო სამუშაოებს, ახალციხის პირველი საჯარო სკოლის მსგავსად, აქაც ახალი კომპანია ,,ჯორჯიან ინჯინერინგი" აგრძელებს.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამში ორსართულიანი შენობა 600 მოსწავლეზეა გათვლილი, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

კომპანია ,,ინტერპლიუსს", ფონდის გარდა, მუშებიც ედავებიან. ახალციხის, განძისა და კარტიკამის სკოლების რემონტის დროს დასაქმებული მუშები ამბობენ, რომ კომპანიას მათი სახელფასო დავალიანება აქვს.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის პირველ და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის #1 საჯარო სკოლებთან ერთად შპს ,,ინტერპლიუსს" ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძაშიც ჰქონდა სკოლის გარემონტების ვალდებულება.

სამივე სკოლის სარემონტო სამუშაოებისთვის ფონდიდან $1 188 984,15 გამოიყო, თუმცა საპროექტო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო კომპანია ,,ინტერპლიუსი" დაჯარიმდა და სკოლების სარემონტო სამუშაოების დასრულება ახალი ხელშეკრულების მიხედვით სხვა კომპანიას – ,,ჯორჯიან ინჯინერინგს" მოუწევს.

წყარო: ჯეინიუსი










rentgirl
| Print |