განათლება
ზეწოლა პედაგოგებზე
მასწავლებელი, რომელიც სკოლის თანამშრომელი თან არის და თან არა. ახლა სასამართლომ უნდა გაარკვიოს – არის თუ არა დათა დათაშვილი სპორტისა და საგზაო უსაფრთხოების პედაგოგი სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლაში.
სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, ახალი სასწავლო წლიდან, სპორტისა და საგზაო უსაფრთხოების გაკვეთილებს, მათი პედაგოგი აღარ უტარებს. დათა დათაშვილს დირექტორი გაკვეთილებზე შესვლას უკრძალავს და ამბობს, რომ მასწავლებელი სამსახურიდან გათავისუფლებულია. ამის მიუხედავად, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში გვეუბნებიან, რომ დათა დათაშვილი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში, მოქმედ თანამშრომლადაა რეგისტრირებული.

მართვის საინფორმაციო ცენტრისა და დირექტორის ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციით დაბნეულმა პედაგოგმა, სიტუაციის გარკვევისთვის ახალციხის რაიონულ სასამართლოს მიმართა.
დირექტორსა და მასწავლებელს შორის ურთიერთობა 2017 წლის იანვარში დაიძაბა, როცა ქეთევან ობოლაშვილმა თანამშრომლებს 11–თვიანი შრომითი ხელშეკრულება გაუფორმა.

დათაშვილის თქმით, გაღიზიანებულმა დირექტორმა სპორტის მასწავლებელს დისციპლინური სახდელი დააკისრა. სკოლის დირექტორს, სამეურვეო საბჭოს წევრი მასწავლებლისთვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, მხოლოდ საბჭოს თანხმობის შემთხვევაში შეუძლია, ამიტომ საბჭოს მიმართა. სამეურვეო საბჭომ დირექტორის არგუმენტები დაუსაბუთებლად მიიჩნია და დათა დათაშვილის გათავისუფლებაზე უარი უთხრა. ამის შემდეგ ქეთევან ობოლაშვილმა დათაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება 10 ივლისს ერთპიროვნულად მიიღო, თუმცა სამეურვეო საბჭომ დირექტორის ბრძანება და დათაშვილზე დაკისრებული დისციპლინური სახდელი გააუქმა.

სამეურვეო საბჭოს წევრები ჰყვებიან, რომ ამის შემდეგ დირექტორმა საბჭოს სხდომის ოქმი თავად შეადგინა, სადაც დათაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება იყო მიღებული და წევრებს ხელი იძულებით მოაწერინა. თუმცა მოგვიანებით ამ წევრებმა სამინისტროს განცხადებით მიმართეს.

დირექტორმა კომენტარზე უარი განაცხადა. ქეთევან ობოლაშვილი პირად საუბარში ამბობს, რომ ის სკოლის რეპუტაციის შენარჩუნებისთვის ზრუნავს და დათა დათაშვილმა გათავისუფლება დაიმსახურა.

მასწავლებლები ამბობენ, რომ დირექტორი დათა დათაშვილის კანონიერი გათავისუფლების გზებს ეძებს. ამ მიზნით, 29 სექტემბერს პედაგოგიური საბჭოს შეკრება მოითხოვა. ქეთევან ობოლაშვილს სურდა, რომ მასწავლებლებს ერთი საკითხი განეხილათ – დაუმორჩილებელ პედაგოგებს სამეურვეო საბჭო დაეტოვებინათ. პედსაბჭოს შეკრებისთვის მასწავლებელთა 2/3 თანხმობა იყო საჭირო, რაც საკითხმა ვერ მოიპოვა.

პედაგოგიური საბჭოს მოწვევას უარყოფს სკოლის დირექტორი.

დათაშვილი ფიქრობს, რომ ქეთევან ობოლაშვილი პოლიტიკური შეხედულებების გამო სჯის. ოფიციალურად პედაგოგსა და არაოფიციალურად სკოლიდან გათავისუფლებულს უკვირს, რატომ არ რეაგირებს მომხდარზე განათლების სამინისტრო.


| Print |