განათლება
თინა გელაშვილმა რექტორის კონკურსიდან კანდიდატურა მოიხსნა
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსს თინა გელაშვილი გამოეთიშა.

"კანდიდატურის მოხსნაზე უნივერსიტეტში დღეს გადავიტანე განცხადება. გამოვეცალე დაძაბულ სიტუაციას. მინდოდა, რეგიონული უნივერსიტეტი საერთაშორისო დონეზე ცნობადი გამხდარიყო. ყოფილიყო დომინანტი ორგანიზაცია, რომელიც დიდ წვლილს შეიტანდა განათლებაში. თუმცა უნივერსიტეტის თანამშრომლებისგან ამისთვის მზაობა ვერ დავინახე. ადამინებს შიში აქვთ, დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას ვერ იღებენ. აკადემიური საბჭოს წევრი ვარ. კანდიდატებისგან სამოქმედო გეგმის განხილვას მოვისმენ. ჩემი ხედვა ვისთანაც ახლოს იქნება, მხარს იმას დავუჭერ", – განაცხადა "მე–9 არხთან" თინა გელაშვილმა.

თინა გელაშვილი უნივერსიტეტში ლექტორად მუშაობას განაგრძობს.

ცოტა ხნით ადრე, კანდიდატურა მოიხსნა რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ბერიძემაც.

რექტორობისთვის, ამჟამად 4 კანდიდატი იბრძვის: მაკა ბერიძე, გიორგი მესხი, ცისკარა ზარანდია და რევაზ ზედგინიძე.

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები 31 იანვარს გაიმართება. საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელს, 8 წევრისგან შემდგარი აკადემიური საბჭო, 4 წლის ვადით აირჩევს. მანამდე კი, რექტორობის კანდიდატებს, საბჭოს წინაშე სამოქმედო პროგრამის წარდგენა მოუწევთ.
| Print |