განათლება
1-ელი თებერვლიდან მასწავლებლების ნაწილს ხელფასი გაეზრდება
1-ელი თებერვლიდან წამყვანი და მენტორი მასწავლებლების შრომის ანაზღაურება გაიზრდება.


წამყვანი მასწავლებელი სრული დატვირთვით მუშაობის შემთხვევაში 700 ლარს აიღებს, ხოლო მენტორი - 1 000 ლარს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოში 257 წამყვანი და 9 მენტორი მასწავლებელია.

ცვლილებებამდე წამყვანი მასწავლებლის დანამატი 500, ხოლო მენტორის 700 ლარი იყო.

"ზოგადად, მასწავლებლის ანაზღაურება 405 ლარს შეადგენს, რომელსაც დანამატები ემატება.

მაგალითად, დამრიგებლის, დოქტორის, მაგისტრის სტატუსების მიხედვით. სტატუსის მიხედვით პრაქტიკოსი მასწავლებლის დანამატი 320 ლარია, წამყვანისთვის კი 500, ხოლო მენტორისთვის 700 ლარი იყო.

ცვლილებებით კი წამყვანისა და მენტორის დანამატების გაზრდა მოხდა, რაც მასწავლებლისთვის ერთგვარად გარე მოტივატორია, რომ მეტი აქტივობა განახორციელოს, მოსწავლეებზე მეტად ორიენტირებული იყოს, რის შესაბამისადაც მისი ანაზღაურება გაიზრდება", - განმარტავს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი მანანა რატიანი.

შეგახსენებთ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა უკვე ორი წელია მოქმედებს. სქემის მიხედვით პედაგოგები 4 კატეგორიად - პრაქტიკოსად, უფროს, წამყვან და მენტორებად გადანაწილდნენ. პედაგოგებს სქემა საშუალებას აძლევს კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
| Print |