განათლება
სასამართლოში ოქროს მედლების საქმის განხილვა დაიწყო
ოქროს მედლების გარეშე დარჩენილი ორი ახალგაზრდის ადმინისტრაციული სარჩელის განხილვა დაიწყო.

ახალციხის რაიონულ სასამართლოში მეექვსე საჯარო სკოლის ყოფილი მოსწავლეების საქმის მთავარი სხდომა 14 მარტს გაიმართა. მოსარჩელე მხარე ინდივიდუალური–სამართლებრივი აქტის გამოცემას და რუსუდან მელიქიძისა და ლუკა პარუნაშვილის ოქროს მედალზე წარდგენას ითხოვს. მათ ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატები იცავენ.

მოპასუხე მხარე ახალციხის მეექვსე სკოლაა. საქმეში მესამე პირად განათლების სამინისტროა ჩართული.

მხარეებმა პირველ სხდომაზე, საქმეზე რამდენიმე დოკუმენტის დართვის მოთხოვნის შუამდგომლობები დააყენეს. დღესვე გადაწყდა იმ 10 პედაგოგის მოწმეებად დაკითხვა, რომლებსაც მოსწავლეების შედეგების დათვლისას, შეფასების ჟურნალში შეცდომები აქვთ დაშვებუილი.

ოქროს მედლების საქმის განხილვა 27 მარტამდე გადაიდო.

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედლის გარეშე ახალციხის მუნიციპალიტეტის მეექვსე სკოლის ექვსი კურსდამთავრებული დარჩა

ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა შესარჩევად, განათლების სამინისტროს კომისიამ შეისწავლა მეექვსე სკოლის შეფასების ჟურნალი, სადაც ხარვეზები აღმოაჩინა. ამის შესახებ სკოლას აცნობა და რეკომენდაცია მისცა, რომ მოსწავლეების ნაწილი ოქროს მედალოსანთა კანდიდატად არ წარედგინა.

რეკომენდაციის შემდეგ, მეექვსე სკოლამ სამინისტროს მედალოსანთა ახალი სია გადაუგზავნა, სადაც ექვსი მოსწავლე სიიდან ამოღებული იყო.

პედაგოგები ამბობენ, რომ მექანიკური ხარვეზები მართლაც დაუშვეს, თუმცა ეს მედალოსანთა სიიდან საუკეთესო მოსწავლეების ამოღების საფუძველი არ უნდა გამხდარიყო. მსგავსი შეცდომები შეფასების ჟურნალში სხვა  წლებშიც ფიქსირდებოდა. 

| Print |