განათლება
სოფელ აბასთუმნის პედაგოგები პოლიციაში დაკითხეს
აბასთუმნის საჯარო სკოლის საქმემ, განათლების სამინისტროდან სამართალდამცავ ორგანოში გადაინაცვლა.

დირექტორის მიერ, სამეურვეო საბჭოს ოქმის სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, გამოძიება სსკ-ის 362 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება/გამოყენებას გულისხმობს.

3 აპრილს, საღამოს 9 საათამდე მიმდინარეობდა სკოლის დირექტორისა და სამეურვეო საბჭოს  სამი წევრის დაკითხვა. გამომძიებლებს კითხვები დირექტორის მხრიდან პედაგოგებზე განხორციელებულ ზეწოლასა და დათა დათაშვილის სკოლიდან გათავისუფლებაზეც ჰქონდათ.

სოფელ აბასთუმნის სკოლის საქმე პოლიციას განათლების სამინისტროს შიდა აუდიტმა მას შემდეგ გადასცა, რაც საკითხი თავად დეპარტამენტმა შეისწავლა. "სკოლაში გამოვლენილი დარღვევის საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, სკოლას მიეცა წერილობითი გაფრთხილება, დაევალა დარღვევაზე რეაგირება, შემდგომ საქმიანობაში გათვალისწინება და კანონმდებლობის მოთხოვნათა განუხრელად დაცვა. დასკვნა, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეგზავნა სამართალდამცავ ორგანოს" – აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.

სოფელ აბასთუმნის სკოლაში მიმდინარე მოვლენებზე საუბარი არ სურს სკოლის დირექტორს ქეთევან ობოლაშვილს.

შეგახსენებთ, რომ სამეურვეო საბჭოს წევრებმა განათლების სამინისტროს წერილობით მიმართეს, სადაც წერდნენ, რომ დირექტორმა იმ სხდომის ოქმზე ხელის მოწერა აიძულა, რომელიც არ ჩატარებულა. ოქმის საფუძველზე კი ქეთევან ობოლაშვილმა პედაგოგი დათა დათაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლა.
| Print |