განათლება
სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა სამცხე–ჯავახეთში შეხვედრები გამართა
სამხარეო ადმინისტრაციაში სახელმწიფო ენის დეპარტამენტის სტრატეგია განიხილეს. სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე

გიორგი ალიბეგაშვილი, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორთან კახა სამხარაძესთან ერთად, მხარის მუნიციპალიტეტების მერებს და ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის მიზანი დეპარტამენტის სტრატეგიისა და სამომავლო გეგმების გაცნობა იყო. აქცენტები გაკეთდა აბრებსა და სარეკლამო ბანერებზე ქართულენოვანი წარწერების მოწესრიგებასთან დაკავშირებით ერთობლივად გასატარებელ სამუშაოებზე.

სახელმწიფო ენის დეპარტამენტი ყველა დაინტერესებულ პირს, თვითმმართველობების და ბიზნესის წარმომადგენლებს საკონსულტაციო-საინფორმაციო მომსახურებას სთავაზობს. მათ შეუძლიათ მიმართონ სახელმწიფო ენის დეპარტამენტს და შესაბამისი რეკომენდაციები მიიღონ.

გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, როცა სადავო საკითხი იქნება დასაზუსტებელი, მასში ენათმეცნიერები და საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ და მიაწვდიან მოსაზრებას, თუ როგორ უნდა იყოს ინტერპრეტირებული ქართულად, რომელიმე ბრენდი, სასტუმროს დასახელება და ა.შ.

დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ანალოგიური შეხვედრები ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიასა და ახალციხისა და ახალქალაქის უნივერსიტეტებშიც გამართეს.
| Print |