კულტურა
როცა მუსიკა გიყვარს
მთავარია გიყვარდეს ხელოვნება, გსურდეს მხარის პოპულარიზაცია, გინდოდეს არქაული ფოკლორის გაცოცხლება და ყველაფრის მიუხედავად გემღერებოდეს

– ეს ოთხი პუნქტი საკმარისი აღმოჩნდა ექვსი ასპინძელისთვის, რომ გაერთიანებულიყვნენ და ანსამბლი ჩამოეყალიბებინათ. ასაკის სხვადასხვაობამ, ფინანსურმა სიმწირემ და სტუდიის უქონლობამ მათ ხელი ვერ შეუშალა და დაახლოებით ორ თვეში პირველი მუსიკალური ნომერიც შეიქმნა.

ანსამბლის ყველაზე პატარა წევრი ამბობს, რომ ბიჭებთან მუსიკის სიყვარულმა და მათმა მეგობრულმა დამოკიდებულებამ გააერთიანა. ცოტნე ზაზაძე პირველ კლიპში ისტორიულ მესხეთს განასახიერებს, რომელიც გადარჩენისთვის იბრძვის.

ანსამბლის პირველი კლიპის გადაღება საკუთარი სახსრებით შეძლეს – ზოგმა დანაზოგით, ზოგმა კრედიტით და ზოგმაც მეგობრებისგან სესხის აღებით. ჯგუფის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ანსამბლის შექმნაზე დაახლოებით ათი წელია ოცნებობს, თუმცა ამ დროის განმავლობაში სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ მოახერხა. ნუკრი ღორჯომელიძე ფიქრობს, რომ შემთხვევით არაფერი ხდება და არც ის იყო შემთხვევითი, რომ ასპინძობის დღესასწაულზე მოხდა მათი გაერთიანება.

პროფესიით მუსიკოსი მხოლოდ გუნდის ლოტბარია. ბექა ზედგინიძე 20 აპრილის შემდეგ ანსამბლის წევრთა შეცვლილ ცხოვრებას იხსენებს. მსჯელობა, სიმღერების განხილვა და ღამის რეპეტიციები ერთმანეთის სახლებში იმართება.

მესხეთში, მესხური სიმღერა, მესხეთის გამოღვიძების იდეას ეძღვნება. ანსამბლის სოლისტი –ამბობს, რომ აქცენტი სამშობლოსა და რწმენის დაცვაზე, ვაზის კულტსა და განათლებაზე გაკეთდა. ანსამბლის ლოგოშიც სამეფო გვირგვინი, ხანჯალი და ეტრატი დომინირებს. თამაზ ლონდარიძე იმედოვნებს, რომ მათი პირველი სიმღერა – ,,ვარძია, მესხეთო ჩემო", მალე ანსამბლის სავიზიტო ბარათი გახდება.

მანამდე კი ჯგუფი ,,ვარძია" მეორე სიმღერაზე მუშაობს. ანსამბლის წევრებისთვის, ჯალალედინის მიერ ნაწამები ახალციხელი წმინდანის შალვა ახალციხელის სახელის უკვდავსაყოფად შექმნილი სიმღერის ,,შავლეგო"– ს შესრულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

კარგად იციან, რომ არ უნდა გაჩერდნენ, ძველი სიმღერების ტექსტები მოიძიონ და მესხური ფოლკლორი დანარჩენ საქართველოს არანჟირებით წარუდგინონ. უახლოესი გეგმები კი ბაკურიანის ფესტივალ ,,ფუძეობა"–სა და არტგენში მონაწილეობაა.


| Print |