კულტურა
ტრადიციული რეწვის ფესტივალი ახალციხეში
ტრადიციული რეწვის ფესტივალი ახალციხეში 14 სექტემბერს გაიხსნა და 16 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ფესტივალის ფარგლებში ეწყობა ადგილობრივი და საერთაშორისო ტრადიციული რეწვის სახელოსნოების და ოსტატების საქმიანობის სადემონსტრაციო აქტივობები - ღია მასტერკლასები - კერამიკის ამოყვანა და მოხატვა, ფილიგრანი, მეიარაღეობა, ბუნებრივი საღებავებით ღებვა, ფარდაგის ქსოვა, თელვა, მუსიკალური საკრავების დამზადება და სხვა.

რეწვის ოსტატები დამთვალიერებლებს მასტერკლასს უტარებენ და სურვილის შემთხვევაში სხვადასხვა ნივთის გაკეთებასაც ასწავლიან.

ნამუშევრები, ციხის ზედა და ქვედა ნაწილშია გამოფენილი. გამოფენა– გაყიდვაში მონაწილეობენ როგორც საქართველოდან, ასევე თურქეთიდან, აზიიდან და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ჩამოსული ოსტატები.



ფესტივალის ფარგლებში მუზეუმი დამთვალიერებელს სთავაზობს საგანმანათლებლო პროგრამებს ბავშვებისთვის და უნიკალურ გამოფენას - „XIX-XX საუკუნეების ტრადიციული სახელოსნოები საქართველოში“, სადაც წარმოდგენილი იქნება მუზეუმის არქივში არსებული ძველი სახელოსნოების ფოტომასალა, ასევე გამოფენილი იქნება ძველი ფოტოების მიხედვით დამზადებული მაკეტები.

ფესტივალს საქართველოს ხალხური და გამოყენებითი მუზეუმი და საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია, ახალციხის მერიასა და ახალციხის ციხესთან თანამშრომლობით ატარებენ.

ფესტივალის მიზანია ტრადიციული რეწვის დარგების პოპულარიზაცია; ადგილობრივი ოსტატების მხარდაჭერა; სახელოსნოების ინსიტიტუციის აღდგენის ხელშეწყობა; ისტორიული ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე რეწვის სახელოსნოების მუშაობის პროცესის სანახაობრივი და შემეცნებითი აქტივობების მოწყობით ისტორიული ძეგლის ახალი ფუნქციით დატვირთვა და ვიზიტორების მოზიდვა.

| Print |