კულტურა
ვარძიაში, 29 სექტემბერს, შოთაობა გაიმართება
ასპინძის მუნიციპალიტეტში, ვარძიაში, შაბათს, „შოთაობის“ სახალხო დღესასწაული აღინიშნება.


ასპინძის მერიის მიერ „შოთაობა 2018–სთვის“ გამოცხადებული ტენდერი არ შედგა, რის გამოც მერიამ დღესასწაულის აღსანიშნავად ხელშეკრულება ერთ პირთან მოლაპარაკებით, ინდ.მეწარმე გიორგი ბერიძესთან 15 650 ლარზე გააფორმა. ასპინძის მერის როსტომ მაგრაქველიძის განმარტებით,

,,დაჩქარებული წესით გაიგზავნა წერილი, რადგან თარიღის გადაწევა ვერ მოხერხდებოდა. გაფორმებული ხელშეკრულების მიუხედავად, ინდ.მეწარმეს, ტენდერში გათვალისწინებული ყველა პირობის შესრულება მოუწევს".

სახალხო დღესასწაული 29 სექტემბერს, ვარძიის ისტორიული კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

პროგრამით გათვალისწინებულია:

საზეიმო კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით;

გაზეთ "ლიტერატურული მესხეთის" მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულების დაჯილდოება;

ხალხური რეწვის ოსტატების, მხატვრებისა და შშმ პირთა ნამუშევრების გამოფენა - გაყიდვა;

ასპინძის სოფლებიდან, ადგილობრივების მიერ მომზადებული კერძების გამოფენა და დაგემოვნება;

პარალელურ რეჟიმში გაიმართება სპორტული ღონისძიებები: ქართულ ჭიდაობაში, ჯილდაობასა (ქვის აზიდვა) და მკლავჭიდში შეჯიბრებების გამართვა და გამარჯვებული სპორტსმენების დაჯილდოება.

როგორც როსტომ მაგრაქველიძემ ,,მეცხრე არხს" განუცხადა, ,,ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ ,,აწარმოე საქართველო"– ს მიერ სამცხე–ჯავახეთში დაფინანსებული პროექტების წარმომადგენლები, სახალხო მთქმელები, მოქალაქეები, მწერალთა კავშირის წევრები. ტრადიციულად, შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანს" საჩუქრად მიიღებს, სამი ახლადდაქორწინებული წყვილი, წელს იქნება მოკრძალებული აღნიშვნა, ვუმასპინძლებთ ყველას, ვინც დღესასწაულზე დასწრებას მოისურვებს".

დღესასწაულის აღნიშვნა თავდაპირველად 1966 წელს დაიწყო და 1990–იან წლებამდე გაგრძელდა. შოთაობის ტრადიცია მოგვიანებით, 2008 წლიდან აღდგა, ოღონდ სოფელ რუსთავში, 2013 წლიდან კი სახალხო ზეიმი ისევ ვარძიაში აღინიშნება.
| Print |