კულტურა
ახალციხის ციხეზე ,,ევროპის დღე" აღნიშნეს
ახალციხის ციხეზე "ევროპის დღე" აღინიშნა. წლევანდელი ღონისძიების თემაა "ჩვენი მრავალფეროვანი ევროპა", ევროპის ქვეყნების განსხვავებული კულტურების ერთობას გამოხატავს.

2018 წელი ევროკავშირში კულტურული მემკვიდრეობის წლად არის გამოცხადებული და ეს ღონისძიებაც საერთო ევროპული მემკვიდრეობის წარმოჩინებას ემსახურება.

ევროპის დღესთან დაკავშირებით, ციხის ტერიტორიაზე სხვადასხვა გასართობი და სპორტული ღონისძიება მოეწყო. ანიმატორების დახმარებით, ბავშვებისათვის სახალისო თამაშები და შეჯიბრებები გაიმართა.



ახალციხის ციხეზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ღონისძებაზე მისულ მაყურებელს ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა და ფრანგმა სენატორება მიმართეს. ევროკავშირის დელეგაციის წევრის საქართველოში, მიკოლაი ბელასიაკის განმარტებით, სამცხე–ჯავახეთში ევროკავშირის დაფინანსებით დაახლოებით ოცდაათი ინიციატივა, პროგრამა და პროექტი ხორციელდება.

ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტებს შორის არის: "განათლება დასაქმებისათვის", "ევროკავშირი ბიზნესისათვის", ,,სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა", "ევროკავშირის მართლმსაჯულების პროგრამა" და "ადამიანის უფლებები ყველასათვის".



პროგრამის წარმომადგენლები დამთვალიერებლებს ინფორმაციასთან ერთად, სხვადასხვა საჩუქარსა და საინფორმაციო ბუკლეტს გასცემდნენ.

ევროპის შექმნის დღე (9 მაისი) საქართველოში 1993 წლიდან აღინიშნება. 2013 წლამდე ღონისძიება დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა, ხოლო 2013 წლიდან პირველად ღია ცის ქვეშ კუს ტბაზე ჩატარდა. უკვე მეოთხე წელია, რაც ევროპის დღე საქართველოში უფრო მეტად სახალხო დღესასწაულია.

1950 წლის 9 მაისს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რობერ შუმანი პარიზში გამოვიდა განცხადებით, სადაც მან წამოაყენა ევროპული ინტეგრაციის იდეა. ამიტომ 9 მაისი აღინიშნება, როგორც ევროპის კავშირის დაბადების დღე. დღეისათვის ევროპის კავშირი 25 ქვეყანას აერთიანებს.



სხვა წყაროების თანახმად, ევროპის გაერთიანების დღედ 5 მაისსაც თვლიან, ვინაიდან 1949 წლის 5 მაისს ლონდონში ხელი მოეწერა ევროპის საბჭოს წესდებას. იგი ძალაში შევიდა იმავე წლის 3 აგვისტოს და დღეისათვის ევროპის ყველაზე წარმომადგენლობით საკონსულტაციო ორგანიზაციად ითვლება. ევროპის საბჭოში 50-ზე მეტი ქვეყანაა გაერთიანებული, მათ შორის საქართველოც.

| Print |