კულტურა
თბილისობის გამო ახალციხეში "შემოდგომის ფესტივალი" გადაიდო
ახალციხის ციხეზე, 7 ოქტომბერს "შემოდგომის ფესტივალი" აღარ გაიმართება. გადაწყვეტილება ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიიღო.
ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ მათ მიერ დაგეგმილი ღონისძიების თარიღი "თბილისობის" დღესასწაულს დაემთხვა, ამიტომ ფესტივალმა 20 ოქტომბრამდე გადაიწია.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია სპორტული და კულტურული ღონისძიებები. რაბათის ტერიტორიაზე მოეწყობა ხალხური რეწვის ადგილობრივი ოსტატების ნამუშევრების გამოფენა. შესაძლებელი იქნება მესხური კერძების მომზადება და დაგემოვნება.

გაიმართება სპორტული ღონისძიებები, სადაც გამარჯვებულები მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან.

"შემოდგომის ფესტივალი" საღამოს კონცერტით დასრულდება.
ახალციხის მერიამ, ფესტივალის მოსაწყობად ტენდერიც ხელახლა, 8 000 ლარზე გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შერჩეულმა პრეტენდენტმა ახალციხის ციხის ტერიტორიაზე ხუთი ფანჩატური, მაგიდა–სკამები და ბანერი უნდა მოაწყოს. ტრადიციული მესხური კერძების მოსამზადებლად კი ოთხი ტომარა უმაღლესი ხარისხის ფქვილი, 70 კგ. ღორის სამწვადე ხორცი, 25 კგ. სახაჭაპურე ყველი, 5–ლიტრიანი მზესუმზირის ზეთი და 10 კგ. გარჩეული კაკალი უნდა შეიძინოს.

გამარჯვებულს ასევე დაევალება 30 კაცზე გათვლილი ოფიციალური ვახშმის მოწყობა სტუმრებისთვის.
| Print |