კულტურა
ლიკანში ისტორიული პარკის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება დაიწყო
" რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროექტის“ პრეზენტაცია დღეს ისტორიული კომპლექსის ტერიტორიაზე შედგა.

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა, დავით საგანელიძემ აღნიშნა, რომ საქართველოში შემოსული ტურისტების მხოლოდ 8% მოდის სამცხე - ჯავახეთში. რეგიონის გუბერნატორი კი იმედოვნებს, რომ კომპლექსის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, სამცხე–ჯავახეთში ტურისტების რაოდენობა მოიმატებს.


„საპარტნიორო ფონდისა“ და მისი შვილობილი კომპანია „ლიკანი რეზიდენსის“ დაფინანსებითა და ორგანიზებით, პარკის ტერიტორიაზე არსებულ XIX საუკუნის (1892-1895 წწ) ისტორიულ შენობა-ნაგებობებს სრულმასშტაბიანი რესტავრაცია ჩაუტარდებათ.

ავთენტურ იერსახეს დაიბრუნებს ნიკოლოზ რომანოვის სასახლე, ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია და ორანჟერეა. ისტორიული სასახლის სივრცე მუზეუმო ექსპოზიციას დაეთმობა, სადაც რესტავრირებული ნივთები და სხვა კულტურული ფასეულობები გამოიფინება. დენდროლოგიური გეგმის მიხედვით მოეწყობა ისტორიული პარკი, სადაც ვიზიტორთა ცენტრი, ადმინისტრაციული შენობები და საფეხმავლო ხიდი განთავსდება.

ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ ლიკანის ისტორიული კომპლექსი საზოგადოებრივ სივრცედ იქცევა. პირველად, არსებობის მანძილზე, ლიკანის ისტორიული კომპლექსი საქართველოს ტურისტული ინფრასტრუქტურის შემადგენელი ნაწილი გახდება და მის მარშუტებში ინტეგრირდება.

"ლიკანის ისტორიული კომპლექსის რეაბილიტაცია და მისი საზოგადოებრივ სივრცედ გარდაქმნის პროცესი მნიშვნელოვანი ნაწილია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დიდი პროექტისა, რაც ბორჯომის სამუზეუმო ქალაქად ქცევის იდეას მოიცავს. ეს პროექტი ქ. ბორჯომში ხუთ მუზეუმსა და ერთი საიტ-ატრაქციას გააერთიანებს. საშუალოვადიან პერსპექტივაში საკურორტო ქალაქის კულტურული ცხოვრების ნაწილი გახდება ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, კავალერიის კორპუსი - როგორც დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი, ლიკანის სასახლე და პარკი, მინერალური წყლის პარკის ჰიდროელექტროსადგური - როგორც ინდუსტრიული მუზეუმისა და მინერალური წყლის “ბორჯომის“ საექსპორტო შენობა - რომელიც რეაბილიტაციისა და სამუზეუმო ადაპტაციის შემდეგ „ბორჯომი“-ს წარმოების ისტორიას დაეთმობა" – აცხადებენ კულტურული მემკვიდეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.

ლიკანის ტერიტორიაზე მდებარე რომანოვების სასახლე, ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია და მიმდებარე ტერიტორია სამომავლო განვითარების მიზნით „საპარტნიორო ფონდს“ ეკონომიკისა დამდგრადი განვითარების სამინისტრომ მართვის უფლებით 2011 წლიდან გადასცა.
| Print |