კულტურა
ქართული პროექტი მსოფლიო კულტურაში – რომანოვების სასახლის რეაბილიტაცია იწყება
რომანოვების სასახლისა და ლიკანის ისტორიული კომპლექსის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტირება დასრულდა.

პროექტში ჩართულ სპეციალისტთა ჯგუფის მიერ შემუშავებული კონცეფცია საზოგადოებას „საპარტნიორო ფონდმა“ და მისმა შვილობილმა კომპანია „ლიკანის რეზიდენციამ“, ლიკანის ისტორიულ კომპლექსში გააცნეს.

პროექტის მიხედვით, ისტორიული კომპლექსი პირვანდელ სახეს დაიბრუნებს და პირველად თავისი არსებობის ისტორიაში, მისი ნახვის შესაძლებლობა ნებისმიერ დამთვალიერებელს ექნება.

პროექტის პრეზენტაციას საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, ბიზნესისა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიება „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ გახსნა.

ტელეკომპანია ,,ბორჯომის" ინფორმაციით, ამ ეტაპზე, პროექტის ტექნიკური და ფინანსური მასალა წარდგენილია ექსპერტიზაზე, საექსპერტო დასკვნის შემდეგ დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც დაახლოებით 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება.

შეგახსენებთ, ლიკანის ტერიტორიაზე მდებარე რომანოვების სასახლე, ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია და მიმდებარე ტერიტორია სამომავლო განვითარების მიზნით „საპარტნიორო ფონდს“ ეკონომიკისა დამდგრადი განვითარების სამინისტრომ მართვის უფლებით 2016 წლიდან გადასცა.

| Print |