კულტურა
ორ იანვარს ასპინძაში ბედობის ქადა, ხოლო ვალეში ბედობის სომინი პური იჭრება
მესხეთში, ძველად, ყველა ოჯახს საკუთარი ფურნე ჰქონდა. ახლა უბანში ერთი ინთება და რამდენიმე ოჯახი სარგებლობს.

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ საროში ფურნე, აუცილებლად ხურდება თვეში ერთხელ და ყველა დღესასწაულის წინ. ლონდარიძეეების ოჯახში საახალწლოდ ფურნეს სამი ოჯახი ერთად ანთებს. საროში საახალწლო სამზადისი ქვის ფურნის ანთებით იწყება.



სადღესასწაულოდ მესხური ტრადიციით ქადა, ხაჭაპური, სომინი და ბასილას პურები უნდა გამოცხვეს. მესხური ტრადიციით ცომი ერთ გობში იზილება. ,,თავაღებულ“ ცომს ცხიმს ასხამენ, ქადას სპეციალური ფორმით ახვევენ და კვერცხმოსმულს აცხობენ. მაყვალა ლონდარიძე იხსენებს, რომ ფურნე წინაპრებს მიწური სახლის გვერდით ჰქონდათ, რადგან ამ ოთახს ერთდროულად გამოსაცხობად და გასათბობადაც იყენებდნენ.

ცომს ,,ფეშხუმზე“, დაბალფეხიან სუფრაზე ამზადებენ. გამომცხვარ პურებს ტირიფის წნელით მოქსოვილ ,,სალათზე“ შლიან. ცომეულს, რომელიც ოჯახს ერთი თვე ჰყოფნის, ბატის ფრთით ასუფთავებენ.

ამ დღეს საროში ბედობის ქადაც გამოცხვა. ქადა, რომელშიც ხურდა ფულია მოთავსებული ორ იანვარს ბედობას იჭრება და ოჯახში ვისაც ხურდი ფულიანი ნაჭერი შეხვდება, ის წელი მისთვის ბედნიერების მომტანი იქნება.

საროს მსგავსად მესხური ტრადიციით საახალწლო ფურნე ვალეში, ბებნაძეების ოჯახშიც აინთო. დიასახლისმა მესხური შოთი, სომინი, ბასილას და ჩიტი პურები უკვე გამოაცხო. ნაზი კოპაძე განმარტავს, რომ ფურნეში საროსგან განსხვავებით არა ბედობის ქადას, არამედ ბედობის პურს, ბასილას და ჩიტის პურებს აცხობენ.

ყველაზე რთული პროცესი ნაზი კოპაძისთვის ფურნეს დასუფთავებაა. ვალეში მცხოვრები დიასახლისი ამბობს, რომ ფურნეში ცეცხლის დანთებას და შემდეგ ცომეულის გამოსაცხობად მის მომზადებას თავისი წესი აქვს.

გამომცხვარი პური საროს მსგავსად ვალეშიც სამი კვირა ინახება. ბედის პური ბედნიერების, ბასილა კი ხვავისა და ბარაქის მომტანი იყო. ბედის პურის ცომს მრგვალ ფორმას აძლევენ და შიგ ხურდა ფულს დებენ. განსხვავებული რომ იყოს და სხვა პურში არ აირიოს, გუნდას ზემოდან ნახშირს ადებენ და ისე აცხობენ. ნაზი კოპაძე კიდევ ერთ ტრადიციაზე გვიყვება. ამბობს, რომ მხოლოდ მესამე პური იყო ოჯახის, პირველი - ორი კი მესხური ტრადიციით სხვას ეკუთვნოდა.

ბასილაც ბედის პურთან ერთად ცხვება. ცომის გუნდას ადამიანის ტანის ფორმას აძლევენ და ისე აცხობენ. გამომცხვარ პურს სუფრაზე, ხილთან ერთად დებენ და წყალკურთხევამდე, 19 იანვრამდე ინახავენ. ნათლისღებას კი დილით ოჯახის უფროსი ბასილას სანთელს დაუნთებს, სახლს გარედან ლოცვით შემოატარებს, უფალს ბარაქასა და ბედნიერებას შესთხოვს, შემდეგ წყალს აპკურებს დაჭრის და ოჯახის წევრებს დაურიგებს. ბასილას პურები, მესხური ტრადიციით, 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე იჭრება.

ცხობის შემდეგ ვალეშიც და საროშიც რიტუალად ქცეული ქეიფი იწყება. მესხურ სოფლებში ფურნეს ახლა იშვიათად ანთებენ.

| Print |