კულტურა
14 იანვარს ქართული თეატრის დღე აღინიშნება
14 იანვარი ქართული თეატრის დღეა. საქართველოში  პირველი სპექტაკლი 169 წლის წინ, სწორედ ამ დროს დაიდგა.

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ (IV ს. 30-იანი წლები), შეიქმნა საეკლესიო თეატრი და დრამა.

პარალელურად ვითარდებოდა ხალხური თეატრალური სანახაობა – “ბერიკაობა”, მოგვიანებით – “ყეენობა”.

მიუხედავად ამისა, ქართული თეატრის ისტორიაზე საუბრისას პირველად მაინც XIX საუკუნის ქართველი დრამატურგი გიორგი ერისთავი და მისი პიესა “გაყრა” გვახსენდება, რომლითაც 169 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი ქართულ თეატრს.

1850 წლის 14 იანვარს თბილისში პირველი სპექტაკლი “გაყრა” დაიდგა. ეს იყო პირველი და იმ დროისთვის ერთადერთი პროფესიული თეატრი საქართველოში.

როგორც პროფესორი ვასილ კიკნაძე განმარტავს, გიორგი ერისთავმა ქართველი არისტოკრატიის მხარდაჭერითა და რუსეთის მეფისნაცვალ ვორონცოვის ხელშეწყობით, გიმნაზიის (დღევანდელი თბილისის №1 სკოლა) შენობაში დადგა პირველი სპექტაკლი, რომლის პიესის ავტორიცა და რეჟისორიც თავად იყო და სპექტაკლში ერთ-ერთი პერსონაჟის, სომეხი ვაჭრის როლსაც ასრულებდა.
| Print |