კულტურა
პრობლემები, რომლის წინაშეც მესხეთის თეატრი დგას
დაბალი ანაზღაურება, გათბობის პრობლემა, მოუწესრიგებელი სველი წერტილები, საგრიმიოროები, მოძველებული განათება და რადიო-სისტემა, მაყურებლის სიმცირე
- ეს იმ პრობლემათა არასრული ჩამონათვალია, რომელთა შესახებ მასიხობი მანუჩარ გოგოლაური საუბრობს.



მესხეთის თეატრის დიდ დარბაზში მცირე ზომის გამათბობლებია და 500 მაყურებელზე გათვლილ სივრცეს ვერ ათბობს. სწორედ ამიტომ, კულტურის სამინისტროს დახმარებით 100-კაციანი დარბაზი გამათბობლებითა და სველი წერტილებით მოეწყო. ,,მთლიანი შენობა სარემონტოა. ტენდერების დახმარებით სახურავი შევაკეთეთ, თუმცა ძირითადი პრობლემები მაინც არსებობს. ტექნიკაც მოძველებულია და ზოგიერთი თანამშრომლის ხელფასი პენსიაზე დაბალია’’- ამბობს მესხეთის პროფესიული სახელმწიფო დრამატური თეატრის დირექტორი ირაკლი ათუნაშვილი.

მოძველებული ინფრასტრუქტურისა და ტექნიკის გარდა თეატრში შეზღუდული ფინანსებიც პრობლემაა, რის გამოც ახალციხის დრამატულ თეატრს საკმარისი რაოდენობის თანამშრომლები არ ჰყავს.



ახალგაზრდა აქტივისტი, სტუდენტი თაკო თუმანიშვილი თეატრში მეგობრებთან ერთად მეექვსე კლასიდან დადის. მისთვის მთავარ პრობლემას ერთი და იგივე სპექტაკლის რამდენჯერმე ყურება წარმოადგენს, რომელიც ახლგაზრდებს კულტურულ ცხოვრებაში ჩართვის სურვილს უქრობს. ,,ზამთრის პერიოდში დარბაზში ცივა, თუმცა პრემიერებზე მაინც დავდივართ. ბევრ რამეზე გვიწევს თვალის დახუჭვა. სპეკტაკლი ყველა ასაკობრივ კატეგორიაზე უნდა გათვალონ. სიახლის შეგრძნება ნაკლებია და პრემიერები არც თუ ისე ხშირია. სველი წერტილების მოწესრიგებაც არ იქნებოდა ურიგო“ - ამობს თაკო თუმანიშვილი.



,,ჩემი ყველაზე დიდი სურვილი ხელფასების მომატებაა“ – ამბობს მსახიობი იური სუდაძე, რომელიც თეატრის წარმატებებზე საუბრობს. მისი თქმით, მესხეთის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები 2018 წლის აგვისტოში თურქეთში, ფესტივალზე იმყოფებოდნენ. გასულ წელს, მინსკის სამ დღიან ფესტივალზე დრამატული სპექტაკლი ,,თუ ხვალინდელი დღე არ დადგება“ წაიღეს, რომელმაც მაყურებელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. იგივე სპექტაკლი რეჟისორმა ანდრე სავჩანკომ მესხეთის თეატრშიც დადგა.



,,საუკეთესო ჟანრი - ისტორიული, ისეთი, რომელიც ხალხს გულზე მოხვდება და კომედიური, რომელიც ხალხს აიყოლიებს“ - ამბობს ვასილ კვინცხაძე. თეატრის სიყვარულის გამო გული წყდება, რომ მესხეთის დრამატულ თეატრს ცოტა მაყურებელი და ბევრი პრობლემა აქვს. 82 წლის ვასილ კვინცხაძეს 1966 წლიდან დღემდე მესხეთის თეატრში ჩატარებული პრემიერა არ გაუცდენია. მაყურებლის როლის გარდა, იგი სპექტაკლებშიც მონაწილეობდა და 45 მათგანი ქორეოგრაფიულად გააფორმა. ამბობს, რომ საუკეთესო სპექტაკლი ,,მეხდაცემული კაკალი“, ,,რაც გინახავს ვეღარ ნახავს“ და ,,იეთიმ გურჯია“.



თეატრმა ახალგაზრდებს წამახალისებელი ფასდაკლებები და ღონისძიებები უნდა შესთავაზოს. ,,დრამა კომედიის გარეშე არაფერია, თუ თეატრი მთელი თავისი სისრულით არ შეიგრძენი. რაც ქვეყანას აწუხებს, თეატრსაც აწუხებს“ - ამბობს სკოლის პედაგოგი, თეატრის გულშემატკივარი როზა ზაზაძე.
| Print |