კულტურა
,,მესხეთმა აღარ გამიშვა“ - ლელა ნაროზაული
,,ვინ ტაშფანდურობს 74 წლის, მარტო ეს მითხარით, ვინ? ეს ლელა ხევსურია, არხოტელი მესხეთში“

ლელა ნაროზაულის საყვარელი საკრავი ფანდურია. სასწავლებელში სალამურზე დაკვრაც ისწავლა და ახლა ბავშვებს ასწავლის. ჩანგი-სვანური საკრავი, ტამტამი-დასარტყამი ინსტრუმენტი, ბასფანდური და ანსამბლის თითქმის ყველა საკრავზე უკრავს.

ხევსური ქალი 1945 წელს სოფელ არხოტში დაიბადა. რვა მარტს 74 წლის ხდება და ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც მესხეთში ცხოვრობს.

,,ინგუშეთის საზღვრის გამო ჩვენს სოფელში ქისტები გადმოასახლეს და ამის შემდეგ იქაურობა თითქმის დაიცალა. ჩვენ კახეთში, დედოფლისწყაროში ჩამოგვასახლეს“ - იხსენებს ლელა ნაროზაული.

მან რუსული სკოლა დაამთავრა და სწავლის გაგრძელება მუსიკალური კუთხით გადაწყვიტა. სახლიდან ჩუმად გაიპარა და პედაგოგ ბიცოლას მიაკითხა. მან სწავლის გაგრძელება თბილისში ურჩია, თუმცა ლელამ მაშინ დედაქალაქის შესახებ არაფერი იცოდა, მაშინ ტრანსპორტიც ძნელი მოსაძებნი იყო. სირთულეების მიუხედავად, ლელამ სერგო ზაქარიაძის სახელობის საგუნდო-საორკესტრო-სადირიჟორო ფაკულტეტი დაამთავრა. განაწილებით ლელა ნაროზაული მესხეთში მოხვდა.

ხალხურ საკრავებზე დაკვრითა და სიმღერების ცოდნით ყველას აკვირვებდა. ამბობს, რომ მუსიკალური ნიჭით ოჯახის წევრებიც გამოირჩეოდნენ. ლელას ექვსი და-ძმა ჰყავს და ყველა მათგანი ხალხურ საკრავზე უკრავს.



მუსიკალური განათლებისა და ნიჭის გარდა, ლელა ნაროზაულმა მატყლის დამუშავებაც კარგად იცის.

,,ასი წლის მშობლები მყავდა, 115 წლის ბაბუა და 105 წლის ბებია. სწორედ ამ ადამიანებმა მასწავლეს ეს ხელსაქმე. ყველაფერი ბავშვობიდან ვიცი, ახლა დავბერდი და თითქმის ვეღარაფერს ვაკეთებ, თუმცა სიბერეს ვერ ვეგუები და მინდა ჩემი საქმე ვაკეთო“ - ამბობს ლელა ნაროზაული.

იგი მესხ ბავშვებს ფანდურზე დაკვრასა და სიმღერას დღემდე ასწავლის.

,,74 წლის, აი ეს ბებერი, არხოტელი ვცდილობ, რომ მესხ ბავშვებს ქართული სული, ფოლკლორის სიყვარული ჩავუნერგო და დავუტოვო. მადლობა უფალს, რომ კარგი მუსიკალური სმენის ბაშვები მოდიან და რაც მთავარია, სწავლის სურვილი აქვთ“.

6 წლის გრიგოლ ფარცახაშვილი ფანდურზე მამის რჩევით დადის. მუსიკოსობას აპირებს და სურს, რომ მომავალში სალამურზე, აკარდეონსა და ბასფანდურზე დაკვრა ისწავლოს. გრიგოლთან ერთად ფანდურზე დაკვრას სხვა ბავშვებიც სწავლობენ.



მასწავლებლობის, ინსტრუმენტებზე დაკვრის, სიმღერისა და მატყლის დართვის გარდა, ლელა ნაროზაული 1977 წლიდან ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წევრია. რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ტაძარში პირველი მედავითნე იყო, გალობდა და ხუცური წერა-კითხვაც მაშინ ისწავლა.

ლელა ნაროზაული დღემდე ივლიტის სამრევლო სკოლაში ხალხურ სიმღერებს ასწავლის, აგრეთვე ახალგაზრდებს წინუბანსა და გურკელში უზიარებს ცოდნას. ლელა საფარის სასულიერო სემინარიის მგალობელი და რეგენტია.

,,საფარის ბერ-მონაზვნები მთელი საქართველოს მასშტაბით არიან გაფანტულები, მათ ჩემ მოსწავლეებს ვეძახი, პატივს ვცემ და კურთხევას ვითხოვ. 5 ეპისკოპოსი მყავს გამოზრდილი. ჩემი პირველი სემინარიელი სტუდენტი მეუფე საბა ახლა ხონისა და სამტრედიის ეპარქიას მართავს. როდესაც ხონში მიმიწვია, თავის მრევლში წარმადგინა და იერუსალიმის საგზური გადმომცა. 70 წლის იუბილეს წმინდა მიწაზე შევხვდი“ - სიხარულით იხსენებს ლელა ნაროზაული.

ახალციხის გარდა, ბორჯომის მუნიციპალიტეტის, სოფელ დვირში 15 წელი ასწავლიდა და ანსამბლ ,,მესხეთის“ წევრი გახლდათ.

,,არ გავჩერებულვარ, სკოლა-ინტერნატში ვასწავლიდი, სასოფლო-ტექნიკუმშიც, სადაც პირველი განაწილებისას მოვხვდი. მაშინ, ნიკოლოზ ბეგიშვილი იყო ხელმძღვანელი, რომელმაც 40 სხვადასხვა საკრავი შეიძინა, რათა ახალგაზრდებისთვის ჩემი ცოდნა გამეზიარებინა. ორკესტრი გავაკეთე და დიპლომი აქ დავიცავი. მესხეთში კომპოზიტორთა მთელი კავშირი ჩამოვიდა, რადგან ,,თბილისო“ გავაორკესტრე. შემდეგ აქვე ჩავაბარე და დიპლომიც დავიცავი“ - იხსნებს ლელა ნაროზაული.

,,ინსტრუმენტისა და მუსიკის გარეშე ვერ ვიარსებებ, ვერ ვიქნები. ესაა ჩემი სასიცოცხლო წყარო, ჩემი ბუნებაა ასეთი. მე თვითონაც მიკვირს ამდენ საკრავს როგორ ვეფერები, სულ თან დამყვებიან, ბულგარეთი, რუმინეთი - ფანდურები სულ თან დამყვება. მე ვერ ვტოვებ მათ და ესენიც არ მღალატობენ. ესენი იზიდავენ ბავშვებს, ესაა მთავარი, რომ ამით ვსუნთქავ“ - ამბობს არხოტელი ლელა ნაროზაული.



2016 წელს ლელა ნაროზაულს ახალციხის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.
| Print |