კულტურა
,,აღმოჩენილი აბანო"
შავაძეების ოჯახმა, რომელმაც 15 დღის წინ სახლის სარდაფში ისტორიული აბანო აღმოაჩინა, კულტურული მემკვიდერეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსგან გაფრთხილება მიიღო.
ციხისძირის ქუჩის ექვს ნომერში მდებარე ისტორიული აბანო შავაძეების ოჯახმა რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინა. მათივე თქმით, დამალული ადგილების გამო სათავსოში ჩასვლას ვერ ბედავდნენ. 15 დღის წინ, ოჯახმა ტერიტორია გაასუფთავა, აბანოს შესასვლელში ხის იატაკი დააგო და ისტორიული ძეგლი სათავსოდ აქცია.

,,სააგენტოსთვის არა, მაგრამ ადგილზე ყველა მერთან მივედი და ვთხოვე, რომ მოსულიყვნენ და ყურადღება მიექციათ ამ ძეგლისთვის, თუმცა არავინ დამხმარებია. სარდაფიდან 2.5 მეტრი მიწაა ამოსაღები, რომ ტურისტმა დათვალიერება შეძლოს, მე კი ამის საშუალება არ მაქვს “ - ამბობს ციალა შავაძე.

ახალციხის მერის ზაზა მელიქიძის თქმით, მასთან შავაძეების ოჯახიდან არც თხოვნით და არც ოფიციალური წერილით არავინ მისულა. მიუხედავად ამისა, ამბობს, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ინფორმაცია მიაწოდა, რასაც თავად სააგენტო უარყოფს.

,,ეს ახალი აღმოჩენა არ ყოფილა, ვიღაცამ მაინც იცოდა, არსენას ლეგენდაც კი მითხრეს“ - განმარტავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი.



ქეთევან დიღმელაშვილმა ,,აბანოების აღმოჩენის“ შესახებ ამბავი სოციალური ქსელიდან შეიტყო. ამბობს, რომ სააგენტოს აღნიშნულის შესახებ არც ოჯახმა და არც ადგილობრივმა ხელისუფლებამ არაფერი შეატყობინა.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანებაზე პირველი ჯარიმა 5 000 ლარს ითვალისწინებს. ექვსი თვის შემდეგ თანხა სამმაგდება და ჯარიმა იზრდება მანამ, ვიდრე ძეგლის დაზიანებულ ნაწილს არ აღადგენენ.

,,რაბათის უბნის მთლიან განაშენიანებას ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვს. შესაბამისად, ამ აბანოს სტატუსი ავტომატურად ენიჭება. ნებისმიერი ოჯახი, რომელიც ამ უბანში ცხოვრობს კანონის ჩარჩოებში ექცევა, რაც კულტურული მემკვიდრეობის მოვლას, დაცვასა და პატრონობას გულისხმობს. ნებისმიერი სამუშაო, რომელიც ამ უბანში მდებარე სახლებში მიმდინარეობს აუცილებლად უნდა შეთანხმდეს შესაბამის ორგანოებთან, ამ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან“ - განმარტავს ,,მეცხრე არხთან“ ქეთევან დიღმელაშვილი.



კულტურული მემკვიდერეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსი სპეციალისტი ციხისძირის აბანოს ტერიტორიას ადგილზევე გაეცნო. მისი თქმით, ეს არის ტიპიური თურქული აბანო, რომელიც საქართველოში XVI საუკუნიდან XVIII საუკუნემდე იყო გავრცელებული. ციხისძირის ექვს ნომერში მდებარე ისტორიულ აბანოს უფროსი სპეციალისტი XVII-XVIII საუკუნეებით ათარიღებს. აბანო საკმაოდ დიდია, რაც სავარაუდოდ აქ მდგარი გარნიზონისთვის უნდა ყოფილიყო გათვლილი.

შიდა ექვსი დარბაზი თავისი გამათბობლებითა და მცირე აბაზანებით - დაახლოებით ასე გამოიყურებოდა აბანოს შიდა ინტერიერი.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსი სპეციალისტისთვის საინტერესო დეტალი აბანოში გამოყენებული ადრეული ქვის მასალები ანუ იგივე იმპოსტებია, რომლებზეც თაღებია გადასული, რაც სპეციალისტების დიდ ინტერესს იწვევს.

,,კვლევის ჩატარებით შესაძლებელი გახდება თარიღის დაზუსტება, თუმცა ამ მჭიდროდ დასახლებულ უბანში ასეთი სამუშაოების ჩატარება რამდენად იქნება შესაძლებელი, არ ვიცი, მაგრამ ყველანაირად ვეცდებით“ - ამბობს ქეთევან დიღმელაშვილი.

ისტორიულ აბანოებში იმპოსტებად აგრეთვე გამოყენებულია უფრო ადრეული ეკლესიის არქიტექტურული დეტალები. ისტორიული ძეგლის ტერიტორიაზე წყალგაყვანილობის სისტემაც შემორჩენილია, რომელიც სავარაუდოდ კომუნისტების პერიოდში ფუნქციონირებდა. თიხის მილში მოგვიანებით რკინის მილია ჩაშვებული, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ წყალგაყვანილობა, რომელიც აბანოს ამარაგებდა შესაძლოა კვლავ ფუნქციონირებდეს.

ახალციხეში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ორ აბანოს აქვს მინიჭებული და ორივე მათგანი რაბათის უბანში მდებაროებს. არანაკლები მოცულობითა და ისტორიით გამოირჩევა ციხისძირის აბანოც.

,,ქალაქის კულტურული ცხოვრებისთვის ეს აღმოჩენა ძალიან კარგია. აბანოების რიცხვის ზრდა და ახალციხეში სამი დიდი აბანოს მოქმედება ერთი და იგივე პერიოდში მიუთითებს აქ მაცხოვრებლების ჰიგიენურ კულტურაზე“ - ამბობს კულტურული მემკვიდერეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსი სპეციალისტი.

ისტორიკოსი და მერიის კულტურის სამსახურის თანამშრომელი რეზო ანდულაძე აბანოების შესასწავლად ადგილზე მივიდა.



,,1930 წელს ახალციხეში ისტორიკოსი გიორგი ბოჭორიძე ჩამოვიდა. მაშინდელმა ახალციხის მაზრის კულტურულმა სამსახურმა მას სია გადასცა სამცხე-ჯავახეთის კულტურული ძეგლების შესახებ. სიაში მეთორმეტე ძეგლად ციხისძირის აბანო იყო მოხსენიებული, თუმცა მოქმედი იყო თუ არა ეს უცნობია. ქალაქის მასშტაბით, ჩვენ 9 აბანო გვქონდა, რაც მაღალ ჰიგიენურ კულტურაზე მიგვანიშნებს“ - გვიყვება რეზო ანდღულაძე.

ისტორიული აბანო თავისი არქიტექტურით გარედან აღარ ჩანს, რადგან სახურავზე საცხოვრებელი სახლია დაშენებული.
| Print |