კულტურა
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა სამცხე-ჯავახეთიდან

საქართველოში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი 47 ძეგლს აქვს მინიჭებული. მათ შორისაა ის ელემენტები, რომლებიც სამცხე-ჯავახეთს უკავშირდება.

გალინა ინასარიძეს უცხიმო რძისგან ჯერ ჩეჩილი ყველი ამოჰყავს, შემდეგ კი მას ტენილის გასაკეთებლად ამზადებს. ძაფის სიმსხო ჩეჩილს ნაღებში ავლებს და თიხის ქოთნებში მჭიდროდ ტენის. ყველს დასამწიფებლად ერთ თვეზე მეტი სჭირდება.




ფერმერი ქალი მესხურ ტენილს ახალციხის სოფელ ანდრიაწმინდაში დაახლოებით, 15 წელია ამზადებს. ნაწარმს ევროპის ქვეყნებში გამოფენებზე აგზავნის და უცხოელების მოწონებასაც იმსახურებს. მესხური ტენილი, რომელი ვიზუალურად და მომზადების ტექნოლოგიით გამოირჩევა, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია. სტატუსი მას 2013 წლის 13 ნოემბერს მიენიჭა.

ტენილის დამზადება შრომატევადი პროცესია, ამიტომ მას ხშირად ვერ ამზადებენ. ყველის ამ სახეობას ახლა ძირითადად, ასპინძის სოფლებში შეხვდებით. ერთ-ერთი ასეთი ჭობარეთია.




ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი 2013 წლის 4 დეკემბრიდან არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს.
ზოგიერთ მეღვინესთან ტრადიციული ჭურჭელი თანამედროვემ დიდი ხნის წინ ჩაანაცვლა. ასე იყო კახა ასპანიძე-ფანასკერტელთან, რომელიც ასპინძის სოფელ საროში მეღვინეობას 25 წელია მისდევს.



ცხენის ძუძუ, მესხური მწვანე, თამარის თეთრი და შავი, სამარიობო, თავკალოების თეთრი - კახა ასპანიძის ვენახში 30-მდე მესხურ ჯიშს შეხვდებით. მეღვინეობაში თიხის ქვევრების გამოყენება და ფესტივალებში მონაწილეობის მიღება ერთდროულად დაიწყო. მეოთხე წელია რკინისა და პლასტმასის ჭურჭელზე უარი თქვა და ღვინო უძველესი ტრადიციული მეთოდით დააყენა. 

"არ მინდა ტრადიციების მივიწყება. თანაც ქვევრს სპეციფიური თვისებები აქვს - გემო, არომატი. რადგან მასალა ბუნებრივია, ღვინოსაც ბუნებასთან უწევს ურთიერთობა. ასე მგონია, რომ ქვევრი ცოცხალი არსებაა", - ამბობს ახალგაზრდა მეღვინე.



თემურ ხუციშვილი მათემატიკოსია. „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად შესწავლა 23 წლის ასაკში გადაწყვიტა. პროცესი მარტივი არ იყო. მას შემდეგ ყოველთვის მონაწილეობს 1999 წელს დაარსებულ ,,ვეფხისტყაოსნის“ მოზეპირეთა კონკურსში და არც გამარჯვება უჭირს.

„ეს იყო ძალიან რთული საქმე. კაცს, რომელსაც დღეში ორი სტროფი ლექსის სწავლა მიჭირდა, შთაგონების ვარჯიშებით მივაგენი მეთოდს და დღეში უკვე 70 სტროფს ვსწავლობდი", - ამბობს თემურ ხუციშვილი.



სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის სპეციალობის შვიდი სტუდენტისა და მეცნიერებათა დოქტორ ნესტან სულავას ინიციატივით, "ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად ცოდნის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2015 წლის 1-ელ ნოემბერს მიენიჭა.

„ეს ნაწარმოები ყოველთვის ითვლებოდა ქართულ სახარებად. ისტორიული წყაროები არსებობს, სადაც წერია რომ ხშირ შემთხვევაში ადამიანებმა არ იცოდნენ წერა-კითხვა, მაგრამ ზეპირად იცოდნენ მთელი „ვეფხისტყაოსანი“, - ამბობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე.

სამცხე-ჯავახეთში მეთუნეობის დარგი უძველესი დროიდან რომ განვითარებული იყო, ამას მოწმობს რეგიონში აღმოჩენილი თიხის ჭურჭელი, რომელიც ძველი წელთაღრიცხვით 37-36 საუკუნეებით თარიღდება. არტეფაქტები სამცხე-ჯავახეთის მუზეუმშია გამოფენილი.




ახლა კი მეთუნეობა არის ხელობა, რომელიც სულ უფრო იშვიათად სჭირდებათ. თითქმის მივიწყებული პროფესიის აღდგენას ცდილობს ახალციხის სამხატვრო სკოლა, რომელმაც თიხის ოსტატი თადევოზ ივანიძე თბილისიდან მოიწვია. დირექტორი ნანა ნათენაძე პროფესიით ფერმწერია. ის კერამიკით ორი წლის წინ დაინტერესდა და ამ დარგის შესწავლა სამხატვრო სკოლაში მოსწავლეებთან ერთად დაიწყო.

,,მეთუნეობა ჩვენს რეგიონში თითქმის აღარ არსებობს, ვცდილობთ შემოვინახოთ და პოპულარიზაცია გავუწიოთ" – ამბობს სამხატვრო სკოლის დირექტორი ნანა ნათენაძე.




„ამას გაფრთხილება უნდა. მე რომ მოვკვდები, მეთუნეობა ხომ არ უნდა დაიკარგოს? ამ ხელობას საფლავში ვერ წავიღებ. სავალალოა, რომ ძველისძველი ხელობის გადარჩენას არავინ ფიქრობს. ეს ხელობა კი არა, ხელოვნებაცაა", - ამბობს თიხის ოსტატი თადევოზ ივანიძე.

საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2018 წლის 28 მარტს მიენიჭა ქართულ-ებრაული 26 საუკუნოვანი უნიკალური ურთიერთობის ტრადიციას. ახალციხეში კი ამ ტრადიციის ხილვა არ გაგიჭირდებათ. ქალაქის უძველეს უბანში - რაბათში ებრაელები და ეთნიკურად ქართველები ჰარმონიულად თანაცხოვრობენ. აქვეა საქართველოში უძველესი სინაგოგა.




საქართველო UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონვენციას 2007 წელს მიუერთდა. სახელმწიფომ აღიარა არამატერიალური მემკვიდრეობის დაცვის აუცილებლობა და იკისრა კონვენციით გავთვალისწინებული ვალდებულებები.

კონვენციის მიხედვით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა არის საზოგადოების, ცალკეული ჯგუფებისა და ზოგიერთ შემთხვევაში, კერძო პირების მიერ მათი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად აღიარებული ადათ-წესები, წარმოდგენისა და გამოსახვის ფორმები, ცოდნა და ჩვევები - ასევე მათთან დაკავშირებული ინსტრუმენტები, საგნები, არტეფაქტები და კულტურული სივრცეები.

| Print |