კულტურა
როგორ ვნახოთ საბედო?!
,,სურბ სარქისი“ - სიზმარში საბედოს ნახვის შენარჩუნებული სომხური ტრადიციაა.

24 წლის არევიკ მარტიროსიანი ერთ-ერთია იმ ახალგაზრდებს შორის, ვინც სომხური ტრადიციის ყველა მოთხოვნა დაიცვა და სიზმარში მომავალი საქმროც ნახა.

საბედოს ვინაობის წინასწარ გასაგებად საჭიროა, დაუქორწინებელმა ახალგაზრდამ ტრადიციის მიხედვით, სურბ სარქისის მარხვა დაიცვას, მარხვის ბოლო დღეს კი მშიერმა გვიან ღამით მარილიანი კვერი შეჭამოს. მომავალი მეორე ნახევარი წყალს მხოლოდ სიზმარში მოგაწვდით და ასე იცნობთ თქვენს მეუღლეს.

არევიკის თქმით, თუ სიზმარში მეუღლის სახეს ვერ დაინახავთ, ესე იგი დაქორწინების დრო ჯერ კიდევ არ არის. ახალგაზრდა ქალი ცოლად სწორედ იმას გაჰყვა, ვინც ორი წლის წინ სურბ სარქისის დღეს დაესიზმრა. ,,პირველად მლაშე კვერი ორი წლის წინ ვჭამე. სიზმარში ახალგაზრდა ბიჭი ვნახე, მართალია წყალი არ დამალევინა, მაგრამ სურათი გადამიღო. უცნაური ბიჭი იყო და დღემდე მახსოვს ეს სიზმარი, რატომღაც არ მჯეროდა ამ ყველაფრის, მაგრამ ერთმანეთს ნამდვილად შევხვდით“.

სურბ სარქისის დღეს სომხურ ოჯახებში ტრადიციულად ფოხინდს მოხალული ფქვილისგან აკეთებენ და სახლის კარის ზღურბლზე დგამენ. გადმოცემით, წმინდა სურბ სარქისის ცხენმა ღამით ფოხინდზე ნალის კვალი უნდა დატოვოს. სომეხი მრევლი სურბ სარქისის დღესასწაულზე პურსაც აცხობს. თუმცა, სასულიერო პირები ამ ტრადიციას არ ცნობენ. გადმოცემის მიხედვით, ცომი მარილიანი უნდა იყოს, რომელსაც პატარა წრის ფორმებად ჭრიან და აცხობენ. მარილიანი კვერები ეკლესიაში, საკურთხად მიაქვთ. რიტუალის დასრულებისას, კვერს მოძღვარი დასაქორწინებელ ახალგაზრდებს ურიგებს და ძილის წინ მიირთმევენ.

ადგილობრივების თქმით, წმინდა სარქისი მათთან ორშაბათიდან შაბათამდე მიდის, ამ დღეებში აგრეთვე თოვლს ელოდებიან და სიზმრებსაც დიდი ყურადღებას აქცევენ.



წმ.სურბ სარქისის დღე სომეხი მოსახლეობისთვის რელიგიური და სახალხო დღესასწაულია.

ტრადიციას საფუძველი სომხეთის გაქრისტიანებამდე ჩაეყარა. სურბ სარქისი ახალგაზრდებისა და შეყვარებული წყვილების მფარველად მიიჩნევა. საეკლესიო ცნობების მიხედვით, სურბ სარქისი შვილთან ერთად ადამიანებს ეხმარებოდა.

სომეხი ეროვნების ხალხი სურბ სარქისისის დღესასწაულს ათეულობით წელია აღნიშნავს და ყოველწელს უფრო მეტი მიმდევარი უჩნდება.
,,ამ დღესასწაულზე ჩვენთან ძირითადად ახალგაზრდები მოდიან. სიზმარში საბედოს ნახვაზე ჩვენ არ ვსაუბრობთ, არ ვუკრძალავთ დაიჯერონ. ეს არის ხალხში დამკვიდრებული დღესასწაული, ამიტომ ჩვენთან ეკლესიაში მოაქვთ მარილიანი კვერები, ჩვენ როგორც მარხვის ბოლო დღის საჭმელს, ისე ვიღებთ. ეკლესია კი ყველას ულოცავს ამ დღესასწაულს." -ამბობს ბერი ჰაკობ საჰაკიანი.



სურბ სარქისის დღესასწაულს სომეხი მრევლი კათოლიკე ეკლესიებთან ერთად ჯერ კიდევ მე-7 საუკუნიდან აღნიშნავდა. თუმცა, დღეს, მხოლოდ სომხურ სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიაში შემორჩა, რომელსაც ყოველწლიურად თებერვლის თვეში აღნიშნავენ.

წმინდა სურბ სარქისის დღესასწაული მოძრავი რიტუალია, რომელიც აღდგომამდე 63 დღით ადრე უნდა ჩატარდეს და 5 დღიანი მარხვა უნდა დაიცვან.
| Print |