კულტურა
რაბათის ისტორია - ფოტორეპორტაჟი
ძველი სამცხის მთავარი ქალაქი და სამცხის ათაბაგთა რეზიდენცია, დღეს კი რეგიონის ცენტრი ახალციხე – ზღვის დონიდან 1000 მეტრზე, მდინარე ფოცხოვის ნაპირზე მდებარეობს.

ქალაქი ახალციხე IX საუკუნეში გვარამ მამფალს აუშენებია და ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ლომსია დაურქმევია. ახალციხე XIII – XIV საუკუნეთა მიჯნიდან მოყოლებული, სამცხის მთავართა (ჯაყელთა) საჯდომი და მთელი სამცხე-საათაბაგოს დედაქალაქი იყო. ახალციხის დაწინაურება იმ ხანებში დაიწყო, როცა საქართველოს ერთიანი სახელმწიფო უკვე რღვევას იწყებდა, მისი მეზობელი სახელმწიფოები კი ძლიერდებოდნენ.



სამცხე-საათაბაგოს და კერძოდ, ახალციხის ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენდა მომძლავრებულ თურქეთთან მეზობლობა. მიუხედავად თავდასხმისა და რბევა-აოხრებისა, ახალციხეში, მშენებლობა მაინც არ ჩამკვდარა. 



ციხის ისტორია IX საუკუნიდან იწყება. XII–XIII საუკუნეებში ციხე ჯაყელების რეზიდენციად იქცა, იგი აღადგინეს და გააფართოვეს. სწორედ ამ დროიდან ჩნდება ტოპონიმი „ახალციხე“. 2011-2012 წლებში მიმდინარე რესტავრაციის შედეგად ციხე-კომპლექსის ტერიტორიაზე განახლდა გალავანი, ციტადელი, IX-X სს-ის მართლმადიდებლური ტაძარი, ჰაჯი ახმედ-ფაშა ჯაყელის სახელობის მეჩეთი, მედრესე, მინარეთი და ჯაყელების სასახლე, სადაც განთავსდა სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმის საგამოფენო დარბაზი.



რეაბილიტირებული ახალციხის ციხე -კომპლექსის ნაწილია, რომელიც შუა საუკუნეების სხვადასხვა პერიოდის ნაგებობისგან შედგება. ის რეგიონის უმნიშვნელოვანესი თავდაცვითი ნაგებობა იყო, მის კედლებს არაერთი მძიმე ბრძოლა ახსოვთ. საუკუნეების მანძილზე აქ ახალციხის მფლობელთა რეზიდენცია იყო. ციხე-სიმაგრეს შემოვლებული ჰქონდა სამი გალავანი, შემოგარენს მიწისქვეშა გვირაბით უკავშირდებოდნენ.



ციხის ზედა ნაწილში ძირითადად ისტორიული ნაგებობებია განთავსებული: სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი, რომელიც ჯაყელების საგვარეულო სასახლეშია; ასევე, მეჩეთი, მედრესე, მე-9 საუკუნის მართლმადიდებლური ტაძარი, სინაგოგა, კათოლიკური ეკლესია, ფაშას მოსასვენებელი, ციტადელი, დილეგები და ამფითეატრი. ქვედა ციხე კი, უმეტესად მომსახურების ობიექტებს უკავია – სასტუმრო, რესტორანი, ორი კაფე-ბარი, ქორწინების სახლი, ღვინის მარანი და მაღაზიები. აქვეა საინფორმაციო ცენტრი ტურისტებისთვის და ადმინისტრაციის შენობა.



ახმედიეს მეჩეთი, რომელის ციხის შუაგულში ყველაზე გამორჩეული ნაგებობაა, გამუსლიმებულ ათაბაგთა შთამომავალს, ახმედ-ფაშა ჯაყელს 1752 წელს აუშენებია. ახმედ ფაშა ჯაყელმა მეჩეთი იტალიელ არქიტექტორს აასენებინა, თუმცა მის აგებასთან დაკავშირებით რამდენიმე ლეგენდაა შემორჩენილი. ერთ-ერთის თანახმად, ის ქართველმა არქიტექტორმა სტამბოლში მდგარ წმინდა სოფიას ტაძარს მიამსგავსა, ფაშა ჩანაფიქრს მიუხვდა და სიცოცხლეს გამოასალმა.



მოგვიანებით, მე-19 საუკუნის 20-იანი წლებიდან, როდესაც ქართველთა და რუსთა გაერთიანებულმა ლაშქარმა, გენერალ პასკევიჩის მეთაურობით ციხე აიღო, მეჩეთს საკურთხეველი მიაშენეს და ეკლესიად გადააკეთეს. ძველქართული დამწერლობით და მართლმადიდებლური ჯვრებით შემკული ძეგლები მეჩეთში ახლაც დგას, რაც დამთავლიერებლებში გაოცებას იწვევს.



1829 წლის სექტემბერში, ადრიანოპოლის ზავით, თურქეთმა რუსეთს ახალციხის საფაშოს ნაწილი დაუბრუნდა და ახალციხე კვლავ საქართველოს შემოუერთდა. რუსეთის მმართველობის პერიოდში რაბათში აღდგა წმინდა მარინეს მართლმადიდებლური ეკლესიაც.



ციხის დათვალიერება ფასიანია და ღირებულება 2 ლარიდან 6 ლარამდე მერყეობს. მაგალითად, მოსწავლეებს ციხის ტერიტორიაზე შესვლა 2 ლარი, სტუდენტებს - 3 ლარი, ხოლო სხვა ყველა სტუმარს 6 ლარი დაგიჯდებათ. რაც შეეხება ქართულენოვანი გიდის მომსახურება 20 ლარია, უცხო ენოვანი – 30 ლარი. 



ფასები განსხვავებულია სამცხე–ჯავახეთის ისტორიულ მუზეუმშიც, რომელიც ასევე ციხის ტერიტორიაზეა განთავსებული. მოსწავლეებისთვის 0.5 ლარი, სტუდენტებისთვის – 1 ლარი, ხოლო ყველა დანარჩენისთვის 2 ლარი ღირს.
| Print |