კულტურა
რაბათის უბნის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი აღარ განხორციელდება
ახალციხის ისტორიულ უბანში, ერთ-ერთი სინაგოგა საუკუნეზე მეტს ითვლის. რაბათში ებრაული თემის სამლოცველო 1902 წელს აშენდა და ახლა უმოქმედოა. სინაგოგაში ხან კინოს აჩვენებდნენ, ხან ბიბლიოთეკა და კულტურის სახლი იყო მოწყობილი, გარკვეული ხნით საბილიარდოსაც გადაკეთდა, ბოლოს კრივის დარბაზის ფუნქცია ჰქონდა შეთავსებული. „სახურავი ახდილია, წვიმა ჩამოდის. სულ ღიაა, ფანჯრები და იატაკი არ აქვს. ასე თუ გაგრძელდა, 2 წელიწადში დაინგრევა. გარემონტებაზე არავინ არაფერს ამბობს. ჩვენ სახსრები არ გვაქვს და მთავრობაც არ აკეთებს“, - ამბობს ებრაელთა საზოგადოების თავმჯდომარე, ახალციხეში სიმონ ლევიშვილი.

სინაგოგის გარდა, რაბათის დასახლებაში რეაბილიტაციას საჭიროებს თითქმის ყველა ისტორიული ნაგებობა, მათ შორის აბანოები, სალოცავები და საცხოვრებელი სახლები. მთელ უბანს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული.

„ყველა შენობას, რელიგიური თუ მოქალაქეების სახლები, სჭირდება შველა. უბანში ყველა შენობა-ნაგეობა არის გაძეგლებული. თუ ვინმე გადაწყვეტს მისი საცხოვრებლის გარეგნული იერსახის შეცვლას, მაგალითად ფანჯრის გამოცვლას, უნდა დაწეროს პროექტი და შეათანხმოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან“, - ამბობს ისტორიკოსი, ახალციხის მერიის კულტურის სამსახურის სპეციალისტი რეზო ანდღულაძე.

სინაგოგაში მიმავალმა ტურისტმა ჯერ ათონელის ქუჩა უნდა გაიაროს. 14 ნომერში მდებარე ორსართულიან საცხოვრებელ სახლში სამი ოჯახი ცხოვრობს, სამივე მარტოხელა ქალია. ერთ-ერთი მანანა იგითხანიშვილა. 70 წლის ქალი ამბობს, რომ მისი სახლი ავარიულია.

„შუშაბანდში მინები სულ ჩამსხვრეულია. სახურავიდან წყალი ჩამოდის. მეორე სართულის კიბეებზე შიშით ავდივართ. ამის გაკეთება მთავრობისთვის არც ისეთი რთულია. აივანი სადაცაა ჩამოვარდება და გაზის ცენტრალურ მილზე დაეცემა. პირველ სართულზე წყალი გამოდის“, - ამბობს ისტორიულ უბანში მცხოვრები ქალი.

ისტორიული უბნის ნაწილს რეაბილიტაცია 2012 წელს ჩაუტარდა. მაშინდელი ხელისუფლების პრიორიტეტებს შორის ახალციხის ციხე და იქამდე მისასვლელი გზა მოხვდა. დანარჩენი ტერიტორიის კეთილმოწყობას მთავრობა 2012 წლიდან აანონსებდა.

ახალციხის მაშინდელი გამგებლის თქმით, მეორე ეტაპზე დაგეგმილი იყო ახალციხის ციხის ზედა კარიბჭის მიმდებარე ტერიტორიის და აკვედუკის მსგავსი ნაგებობის მოპირკეთება, ავტომობილების სადგომის მოწყობა, ძველ აბანოებს უნდა დაბრუნებოდა პირვანდელი სახე. უნდა მოწყობილიყო ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია და თამარაშვილის ქუჩის ნაწილი. გელა დემეტრაძის განმარტებით, მეორე ეტაპი სრულად მოიცავდა ე.წ. ებრაელების უბნის და სასაფლაოს ტერიტორიის რეაბილიტაციას.

„ტურისტების დიდი ნაკადი ისრაელიდან ამ ადგილით ინტერესდება. რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მნიშვნელოვნად გაზრდიდა ვიზიტორების რაოდენობას. მას ეკონომიკური სარგებელი უნდა მოეტანა“, - აცხადებს გელა დემეტრაძე და იმ პროექტებს გვიჩვენებს, რომელთა განხორციელებაც ახალციხეში იგეგმებოდა.



რაბათის ისტორიული უბნის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის დაწყება ახალმა ხელისუფლებამ რამდენჯერმე დააანონსა.

2013 წლის თებერვალში ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ახალციხეში ჟურნალისტებთან განაცხადა - „თუ იგეგმებოდა და თუ ეს მიზანშეწონილია, ჩვენ გავაგრძელებთ და გავაკეთებთ“.

ამავე წლის ნოემბერში „ახალციხის ციხის“ დირექტორი განაცხადა ელგუჯა ბიჭაშვილი ირწმუნებოდა, რომ მეორე ეტაპი 2014 წლის ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდებოდა და რეაბილიტაცია გაზაფხულიდან დაიწყებოდა.
„სანცხე-ჯავახეთის მოსახლეობას შევახსენებ, რომ მეორე ეტაპი აუცილებლად გაკეთდება, ეს თქვა კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ. ამ ყველაფერზე მიდის შეთანხმებები. შემიძლია ვთქვა, რომ აბანოები და მეორე ეტაპი გაზაფხულიდან არის დაგეგმილი“.

ბოლოს ამ საკითხზე საპარლამენტო არჩევნების წინ, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ისაუბრა. გიორგი კოპაძემ მაჟორიტარობის კანდიდატებთან დებატებისას განაცხადა, რომ პროექტი „ტოლერანტობის გზა“ მზად იყო და 2017 წელს განხორციელდებოდა.



მუნიციპალური განვითარების ფონდში ამბობენ, რომ მათთან მსგავსი პროექტი არ არსებობს და არც რაბათის უბნის რეაბილიტაცია აქვთ დაგეგმილი.

რაბათის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი ცენტრალური ხელისუფლების პრიორიტეტებში რომ ვერ მოხვდა, ამას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოშიც ადასტურებენ.
„არანაირი მეორე ეტაპი არ არის დაგეგმილი. ერთადერთი რასაც რაბათში განვახორციელებთ, ეს არის წყვილი აბანოს რეაბილიტაცია, რომელსაც თურქულ მხარესთან ერთად განვახორციელებთ", - გვითხრა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ბექა ბარამიძემ. 

ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი „მეცხრე არხთან“ აცხადებს, რომ რაბათის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი არ არსებობდა და პროექტი „ტოლერანტობის გზა“ მათი იდეაა, რომელიც რაბათში ყველა კონფესიის სალოცავის რეაბილიტაციას და იქამდე მისასვლელი ტურისტული მარშრუტის მოწყობას, ასევე 300-მდე საცხოვრებელი სახლის კეთილმოწყობას გულისხმობდა.
„უნდა გარემონტებულიყო სახლები, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ დატოვა. 290-მდე სახლი აღვწერეთ. მათი ფასადი და სახურავის გადახურვა იყო დაგეგმილი. ინფრასტრუქტურის სამინისტრო თავის დროზე განიხილავდა ამ საკითხს. ამაზე საუბარი მიმდინარეობდა მაშინდელ მინისტრთან, მაგრამ მერე ხელმძღვანელობა შეიცვალა და,,, სხვა პრიორიტეტები გაჩნდა და იმაზე მიდის მუშაობა. ფინანსებზეა ყველაფერი დამოკიდებული. ალბათ დადგება ამის დროც. როგორც კი ქალაქის განვითარება ტურისტული კუთხით გადაწყდება, ეს პროექტი დღის წესრიგში აუცილებლად დადგება. ამაზე კარგი რა აქვს ახალციხეს“,
- განაცხადა გიორგი კოპაძემ.

| Print |