კულტურა
ახალციხეში მივიწყებული ხელობა
ოსტატმა თავდაპირველად ვერცხლი უნდა ,,დაყურსოს“, ანუ მინარევებისაგან გაწმინდოს. უმაღლესი ხარისხის, 99 სინჯის ვერცხლი გააცხელოს, გაწელოს და წინასწარ გამზადებულ ორნამენტებში ჩააწყოს - ასე იწყება ახალციხური ფილიგრანის კეთება.

ფილიგრანი ლათინური სიტყვაა და ქართულად ,,ჭირვეულ გრეხილს“ ნიშნავს.

ახალციხურ ფილიგრანზე დღემდე მუშაობს კოსტანტინე რაზმაძე. მხატვარმა სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში, გამოყენებითი ხელოვნების ფაკუკლტეტი დაამთავრა. ქვა, ხე და ლითონი ის მასალებია, რაზეც კონსტანტინე მუშაობდა. თუმცა ძვირფას და ნახევრადძვირფას ლითონებზე - ვერცხლსა და მელქიორზე მუშაობა ამჯობინა. ხელოვანს ასამდე განსხვავებული ზომისა და ფორმის საიუველირო ნამუშევარი აქვს შექმნილი. ფილიგრანს ძირითადად, გასაჩუქებლად აკეთებს.




მხატვრული მელითონეობის ამ სახემ სამცხე-ჯავახეთში განვითარება მე-19 საუკუნეში ჰპოვა. ისტორიკოსების თქმით, 1871 წელს ახალციხეში 29 ოქროს, ვერცხლის, აბრეშუმისა და სპილენძის საამქრო არსებობდა. მათ შორის შვიდი გიორგაძეების გვარის სახელოსნო იყო.

ლითონზე ყვინჩები, იგივე ,,კუინჯუები“ მუშაობდნენ, რომლებიც სამკაულებს ძირითადად, თითბერისა და ვერცხლისგან ამზადებდნენ. ნამდვილი ოსტატები ფილიგრანს მხოლოდ ვერცხლისგან ქმნიდნენ. მოგვიანებით, სწორედ ამას ეწოდა ,,ახალციხური ფილიგრანი“, რომელიც სხვებისგან სირთულისგან განსხვავდებოდა და ამის გამო, მაღალი ფასით გამოირჩეოდა.




,,ახალციხის ფილიგრანი გამჭვირვალე იყო. წელვადი, უმაღლესი ხარისხის ვერცხლისგან. 1990-იან წლებში ბევრი გაიყიდა და ქვეყნიდანაც გაიტანეს. თბილისის მუზეუმში ახლციხური ფილიგრანის 30 სანტიმეტრიანი ჩანთები ინახება, რომელსაც შეძლებულები ყიდულობდნენ“ - ამბობს ცირა მესხიშვილი.

ისტორიკოსი ,,ახალციხური ფილიგრანით“ სტუდენტობის დროს დაინტერესდა. ცირა მესხიშვილი ერთადერთია, ვინც ხელოვნების ეს დარგი საფუძვლიანად გამოიკვლია. მეცნიერი ქალი ადგილობრივ, ახალციხელ ოსტატებს ხვდებოდა და მათ შესახებ ინფორმაციას აგროვებდა.

,,ოსტატი რომ აღზრდილიყო, ხუთიდან 12 წლამდე უნდა ესწავლა. რვა წლის ასაკიდან ფილიგრანზე მუშაობდნენ. ხელსაწყოები, ოსტატები, სახელოსნო - მაშინ ყველაფერი არსებობდა, ახლა კი არა მგონია, ვინმემ ამის აღდგენა შეძლოს“ - ამბობს ცირა მესხიშვილი.




ფილიგრანები ერთამეთისგან რომ გაერჩიათ, ოსტატები ნამუშევრებზე საკუთარ ინიციალებს ტოვებდნენ. ამიტომ, ქალაქში 2 000-მდე დამღა არსებობდა.



მე-20 საუკუნეში ახალციხემ, როგორც სავაჭრო-სახელოსნო ცენტრმა დიდი დანაკარგი განიცადა. ადგილობრივი ხელოსნების უმრავლესობა სამუშაოდ ქუთაისსა და თბილისში გადავიდა. ფილიგრანის მცოდნე ხელოსნების დეფიციტიც ამან გამოიწვია. მოგვიანებით, ეთნიკურად სომხური მოსახლეობა ქალაქში კომპაქტურად ჩასახლდა და ხელოსნების რაოდენობაც გაიზარდა. ქართველი და სომეხი ხელოსნები ამქრებში ცოდნას ერთმანეთს უზიარებდნენ.

საუკუნეზე მეტია ვაირადიანები ოქრომჭედლობას მისდევენ. ხორენი 69 წელია ძვირფას ლითონზე მუშაობს. ხელობა მამისგან, 13 წლის ასაკში ისწავლა. მისი ბაბუა გვარში უკანასკნელი იყო, ვინც ფილიგრანზე მუშაობდა. ხორენი ამბობს, რომ ხელოვნების ეს დარგი დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს, ამიტომ შრომატევად საქმიანობაზე თავიდანვე უარი თქვა.




ახალციხისთვის დამახასიათებელი კულტურის აღდგენა სამხატვრო სკოლამ დაიწყო. თუმცა ერთი გასნსხვავებაა. ორნამენტები თიხაზე გადააქვთ და ცდილობენ ,,ახალციხური ფილიგრანი“ საზოგადოებას ასე გააცნონ.



ახალციხური ფილიგრანის სკოლა XIX-XX საუკუნეებში ლითონის დამუშავების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრი იყო. მხატვრები ცდილობდნენ შეექმნათ ტრადიციული ხაზისგან განსხვავებული დიზაინი, რომელიც მისაღები იქნებოდა ადგილობრივი დამკვეთისთვისაც და საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობებზე კონკურენციას გაუწევდა მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს.



| Print |