Error
კულტურა
ბერობანა - სამსაუკუნოვანი ხალხური ტრადიცია
ვალეში ბერობანა, ხოლო კახეთში ყეენობის სახელით ცნობილი დღესასწაული, 300 წელს ითვლის. ,,ბერობანა” ანუ ,,ყეენობა”, თეატრალიზებული, იმპროვიზებული სანახაობაა.
სახალხო სანახაობის აღნიშვნა ქალაქ ვალეში მე-17 საუკუნიდან იწყება. ბერიობანა რელიგიურ დღესასწაულს უკავშირდება და დიდმარხვის წინა კვირას, ყველიერის შაბათს აღინიშნება. ამ დღეს მოსახლეობა ბატონყმობაზე გამარჯვებას აღნიშნავს.



,,მარხვის პერიოდში გართობა, ცეკვა და თამაში არ შეიძლება, ამიტომ წინა კვირას ვილხენთ. მისი სხვა დღეს აღნიშვნა არ შეიძლება. თეატრალიზებული სანახაობა კაცის კვლითაც დასრულებულა“
- ამბობს, ღონისძიების სამხატვრო ხელმძღვანელი, გოჩა დემეტრაძე.



53 წლის ასაკში, ბერობანას დღესასწაულისთვის კოსტიუმებს გოჩა დემეტრაძე თავისი დიზაინით ქმნის. მან ეს საქმე 20 წლის ასაკში დაიწყო.



ბერობანაში მთავარი პერსონაჟის, პატარძლის როლს მამაკაცი ასრულებს. რადგან, მაშინ ქალს ტაკიმასხარაობის უფლება არ ჰქონდა. გოჩა დემეტრაძის თქმით, პატარძლის როლი ძნელი და შრომატევადი შესასრულებელია, იტაცებენ, ჯიკაობენ და შეიძლება ამ დროს დაზიანდე კიდეც. ტრადიციულად, სანახაობაში მონაწილეობას დაახლოებით 60-მდე მამაკაცი იღებს.



,,ეს არის იმპროვიზებული, თეატრალური სანახაობა. ადრე თეატრი არ იყო, გასართობიც არ ჰქონდათ, ამიტომ შეიქმნა ეს დღესასწაული“ - აღნიშნავს გოჩა დემეტრაძე.



მოტაცებული პატარძალი რომ დაიბრუნონ, ყადს ხარკი უნდა გადაუხადონ, რადგან სანახაობა პატარძლის გარეშე არ გაგრძელდება. ხარკი მცირე ფულადი დახმარებაა. ბერობანას მონაწილეებს სჯერათ, რომ თუ თანხას გაიღებენ, ხვავით და დოვლათით სავსე შემოდგომა ექნებათ. ხარკის გადახდა პატარძლის გამოსყიდვას ნიშნავს.



მთავარი მოქმედი პერსონაჟები ბოშები არიან. დილის ექვს საათზე ფორმაგადაცმული მამაკაცები ქალაქში კარდაკარ დადიან. ყველა ოჯახი ვალდებულია ბოშებს თითო მუჭა ფქვილი მისცეს, რაც ბარაქიანი მოსავლის სიმბოლოა. სწორედ ასე იგებენ ადგილობრივები ბერობანას აღნიშვნის დღეს.



სანახაობაში,სპეციალური ნიღბითა და ცხვრის ტყავში გახვეული ორი ბერი მონაწილეობს. ტაკიმასხარაობენ, დარბიან, ტალახში გორაობენ და მოსახლეობას ასე ართობენ.
მაყურებლის განწყობაზე ებრაელი მეწვრილმანეც ზრუნავს. ჯიბეში კანფეტები და სუნამო უდევს, რომელსაც ყველას აპკურებს. რადგან ებრაელები ვაჭრობით არიან ცნობილები, მეწვრილმანე კანფეტებსაც ყიდის.



დღესასწაულში 12-მდე ლაზია საჭირო, რომელთა ძირითადი მოვალეობა მაყურებლის დაჭერა და ყადთან მიყვანაა. განაჩენი ყადს გამოაქვს და ხარკსაც თავად იღებს.
,,ყველა კომიკურ ნიღაბს ატარებს, არავინ იცის წინასაწრ რა მოხდება, სიტყვები, ქმედება, რაც თავში მოგივა ის უნდა თქვა და გააკეთო“ - ამბობს ბერიკაობის სამხატვრო ხელმძღვანელი გოჩა დემეტრაძე.



მამის მსგავსად, მსაჯულის როლს ქალაქ ვალეში 70 წლის ანზორ თელიაშვილი ასრულებს.
,,ამას ადგილობრივები აჭარელის როლს ვეძახით. ბერიკაობა თითქოს ღმერთის წყალობით ტარდება, რის შემდეგაც მთელი წელი მშვიდობიანია“ - ამბობს ანზორ თელიაშვილი.



ბოლო პერიოდში, ტრადიციული ,,ბერობანა” ძველ მესხურ სოფლებში: არალში, უდესა და ქალაქ ვალეში იმართება.



ყადის ვირზე უკუღმა შესმით და შემდეგ ძირს გადმოგდების რიტუალით ღონისძიება მთავრდება.
| Print |