კულტურა
,,ყველაფრის საძირკველი ფინანსებია" - თეატრში პრემიერების რაოდენობა შემცირდა
,,მსახიობი პირველ რიგში როლზე უნდა ფიქრობდეს და არა მატერიალურ მხარეზე“ – მესხეთის თეატრში ვაუჩერული სისტემა ამოქმედდება.
დაბალი ანაზღაურება და მაყურებლის წინაშე აღებული ვალდებულება მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის თანამშრომლებს დამატებითი სამუშაოს ძებნისკენ უბიძგებს.

თეატრის დაფინანსება გასულ წელს როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 305 ათას ლარს შეადგენდა, რომლის ფარგლებშიც 6 პრემიერა უნდა გამართულიყო. ფინანსური სიმცირის მიუხედავად, თეატრში მომავალ გეგმებზე ფიქრობენ.

მესხეთის თეატრის მსახიობებს დამატებითი სამსახურის ძიება დღემდე უწევთ. მთავარ გამოწვევად ისევ დაბალი ანაზღაურება რჩება. თეატრში, მსახიობების საშუალო ხელფასი 300 ლარს შეადგენს.

ლექსო ჩემია ერთ-ერთი მათგანია, ვინც დამატებითი ანაზღაურებისთვის სახელმწიფო თოჯინების თეატრში მუშაობს. გარდა ამისა, გადაღებებიც იშვიათად აქვს, თუმცა ამას გამართლებას უწოდებს.

,,პროექტს თუ გამოვეთიშები, მეც მომიწევს დამატებითი შემოსავლის მოძიება. მსახიობობა ფიზიკურ და გონებრივ დატვირთვას მოითხოვს, მიუხედავად ამისა, შესაბამისი ანაზღაურება არ გვაქვს. მსახიობი პირველ რიგში როლზე უნდა ფიქრობდეს და არა მატერიალურ მხარეზე, იმაზე თუ შვილს ხვალ რა აჭამოს. მსახიობისთვის მთავარი გამოწვევა კარგი და ხარისხიანი პროდუქტის შექმნაა, რადგან ეს მაყურებელზე მოქმედებს. მიუხედავად ამისა, ხელფასი აუცილებელი რამაა”, - ამბობს ლექსო ჩემია.

ლექსოსგან განსახვავებით, მანანა ბერიძე მხოლოდ თეატრში მუშაობს. თვლის, რომ ხელფასის გამო საყვარელ საქმიანობას ვერ მიატოვებს, ამიტომ ზოგჯერ ღონისძიებების წამყვანის როლსაც ირგებს.
,,პროვინციაში ძნელია იყო მსახიობი და ამავდროულად დაბალი ხელფასით ოჯახი არჩინო. თბილისში შეგიძლია რამდენიმე თეატრში იმუშაო ერთდროულად და თანხაც ასე აიღო. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, თეატრიდან წასვლას არ ვაპირებ“ - ამბობს მანანა ბერიძე.




მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 2019 წელს მაყურებელი ერთით ნაკლებ პრემიერას იხილავს.

ახალციხის მოსახლეობა პრემიერების რაოდენობის შემცირების უარყოფითად აფასებს და მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი კულტურული ცხოვრებისადმი ახალგაზრდების ინტერესს კიდევ უფრო შეასუსტებს.

,,მესხეთის თეატრი რეგიონში დიდ როლს ასრულებს, მაგრამ თუ მაყურებელი არ მოინდომებს სპექტაკლებზე სიარულს მსახიობები მარტო ვერაფერს შეძლებენ“ - ამბობს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარინა სულაქველიძე.

ახალციხელი ანზორ დალალიშვილი კი ფიქრობს, რომ ახალგაზრდებს პრემიერაზე მისასვლელად საჭირო თანხა არ აქვთ, რის გამოც ვარაუდობს, რომ სპექტაკლების შემცირება ამ ფაქტმა განაპირობა.

,,პრემიერების შემცირებით მაყურებლის რაოდენობაც შემცირდება“ - ფიქრობს ახალციხელი მეგი ლაცაბიძე.



მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 50 000 ლარით, ხოლო ცენტრალური ბიუჯეტიდან 305 000 ლარით ფინანსდება.

ამჟამად, თეატრში ადმინისტრაციის 38 თანამშრომელი და 16 მსახიობია დასაქმებული.

სამხატვრო ხელმძღვანელი ლია სულუაშვილი ფიქრობს, რომ თეატრის მთავარი პრობლემა ფინანსებია.

,,სურვილი გვაქვს ახალგაზრდები დავასაქმოთ, ნიჭის გამოვლენის საშულება მივცეთ. მაგრამ აქ ორი პრობლემაა - თანხა როგორ გადავუხადოთ და სად უნდა ვაცხოვროთ. მაყურებელსაც სჭირდება ახალ სახეებთან შეხვედრა“ - ამბობს ლია სულუაშვილი.



ერთი პრემიერის მოსამზადებლად საშუალოდ 12–დან 20 ათას ლარამდეა საჭირო.

თანხის ძირითადი ნაწილი მესხეთის თეატრის მხატვრის, რეჟისორის, კოსტიუმების მკერავისა და დეკორატორის მოწვევისთვის იხარჯება.

ბიუჯეტში ასევე გათვალისწინებულია გასტროლების, კომუნალურების დასაფარად და ფესტივალების ჩასატარებლად საჭირო თანხები. პრობლემად რჩება დურგლის შტატის უქონლობა.

ფინანსური პრობლემების მოგვარების მიზნით, მესხეთს თეატრის თანამშრომლებმა ქალაქის მერსა და გუბერნატორსაც მიმართეს. გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ხელისუფლება თეატრისგან სპექტაკლს იყიდის და ვაუჩერული სისტემით, სოციალურად შეჭირვებულ მოსახლეობას, მრავალშვილიანებს, თეატრით დაინტერესებულ ადამიანებს მსახიობებამდე მიიყვანს. ბილეთების თანხიდან, მსახიობები დანამატს მიიღებენ.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი განმარტავს, რომ სამი პრემიერა ადგილობრივი ბიუჯეტის, ორი კი ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმების შედეგად, მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დაფინანსება წელს 30 ათასით გაიზარდა და ჯამში 80 ათასი ლარი შეადგინა.

ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2019 წელს თეატრი სულ 385 ათასი ლარით დაფინანსდება.

| Print |