კულტურა
მესხეთის თეატრმა რეაბილიტაციაზე ტენდერი მეორედ გამოაცხადა

მესხეთის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა სრულ რეაბილიტაციაზე ტენდერი მეორედ გამოაცხადა. ამის საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც 29 მაისს გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო და შესაბამისად ჩაშლილად გამოცხადდა.

თეატრის დირექტორი, ირაკლი ათუნაშვილი "მეცხრე არხთან" საუბრისას აცხადებს, რომ მათთვის უცნობია რატომ არ მოისურვეს სამშენებლო კომპანიებმა ტენდერში მონაწილეობის მიღება.

"ერთი თვის წინ გამოცხადდა რეაბილიტაციისთვის ტენდერი, თუმცა შესაბამისი კომპანია ვერ შემოვიდა თუ არ შემოვიდა სამწუხაროდ, ჩვენთვის უცნობია. ამის შემდეგ მეორედ გამოვაცხადეთ ტენდერი, პროექტი და დოკუმენტაცია ატვირთულია შესაბამის საიტზე, მსურველ კომპანიებს 24 ივლისამდე შეუძლიათ მონაწილეობის მიღება"
- აღნიშნა ათუნაშვილმა.

ირაკლი ათუნაშვილის თქმით, სატენდერო კომპანიები გარკვეულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ, რათა მოხდეს მათთან ხელშეკრულების გაფორმება.

"სამშენებლო კომპანია, რომელსაც ხელშეკრულებას გავუფორმებთ, უნდა ჰქონდეს ანალოგიური საქმის გამოცდილება, არ უნდა იყოს შავ სიაში და უნდა ჰქონდეს ფინანსური ბრუნვა. ეს მოთხოვნები კომპანიებისთვის უცხო არაა. თუ გამოჩნდება ისეთი კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, ჩვენ შემდეგ ვიმსჯელებთ მასთან ხელშეკრულების გაფორმებაზე"
- განაცხადა თეატრის დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ თეატრის სრული რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი სავარაუდო თანხა 14,352,703 ლარს შეადგენს.

ადმინისტრაციას რეაბილიტირებული შენობა 18 თვეში უნდა ჩაბარდეს.
| Print |