კულტურა
ზაზა ასპანიძის პერსონალური გამოფენა
ახალციხელი ზაზა ასპანიძე ბავშვობიდან ხატავს. ფერებსა და მიმართულებას თემის მიხედვით არჩევს. რაბათის უბანში სახელოსნო აქვს, რომლის ფანჯრიდანაც უყურებს ცხოვრებას. მიიჩნევს, რომ მხატვრებისთვის მთავრობას არასდროს სცალია და არც მოიცლის. კოლეგებს კი პერიოდულად შეხვედრებისა და აზრთა გაცვლისკენ მოუწოდებს. Tv9news.ge ზაზა ასპანიძეს თბილისში გამართული პერსონალური გამოფენის დროს შეხვდა.
- ბატონო ზაზა, რა არის მხატვრობაში თქვენი ძირითადი ხაზი?

დავიბადე და გავიზარდე ახალციხეში, სტუდენტობის მერე დავბრუნდი მშობლიურ ქალაქში და მას მერე აქ ვმუშაობ. სამი დღეა წამოვედი დედაქალაქში ჩემი ნახატებით. შორენა ლორთქიფანიძემ (რონდელის ფონდის ანალიტიკოსი) ახალციხეში ყოფნისას ნახა ჩემი ნამუშევრები და გადაწყვიტა, რომ ფართო საზოგადოებისთვისაც გაეცნო.

- შენი ნახატები რითი გამოირჩევა?

აქ წარმოდგენილი ნახატები არის ერთი სერია. ამ შემთხვევაში ერთ საკითხზე ვარ კონცენტრირებული, პანდემიამდე დავიწყე ეს სამუშაო სახელით - ქუჩის სცენები. ანუ ის სცენები, რომელსაც ვხედავ ჩემი სახელოსნოს ფანჯრიდან, ქუჩაში. უმეტეს შემთხვევაში სულ ფეხით ვმოძრაობ. ეს ტიპაჟები, ფეხით ვინც მოძრაობს არის საინტერესო და ღირს დასახატად. სწორედ ეს გახდა ამჯერად საქმიანობის მთავარი თემა. თვითონ კონცეფცია კი ამდაგვარია - აღებული მაქვს კადრი - როგორც წამი ყველასათვის ნაცნობი და უმნიშვნელო. ისე შეჩვეული გვაქვს თვალი, რომ ყურადღებასაც აღარ ვაქცევთ. მე ეს კადრი აღმატებით ხარისხში ავიყვანე ისე, თითქოს ამაზე მნიშვნელოვანი არსად აღარაფერი ხდება. ვფიქრობ, საინტერესო გამოვიდა და როგორც დამთვალიერებლებისგანაც ვისმენ, ამ იდეამ გაამართლა. ეს თემა არ ამომიწურავს, ვფიქრობ, მეორე ნაწილი ამ ზამთარს გავაგრძელო. წესით, ის უფრო დატვირთული იქნება ემოციურადაც და ფერებითაც.
- რომელ ფერებს ანიჭებთ უპირატესობას?

იმდენად თავისუფალია ეს კადრი, რომ მას ვიყენებ როგორ სამუშაო მასალას, რადგან გადამუშავება მერე ხდება. უმეტესობა რეალური პერსონაჟებია.. რაბათელი ბავშვებია წარმოდგენილი, რომლებიც ყოველთვის სახელოსნოს წინ დადიან. იმდენად თავისუფლად ვაკეთებ ამ ყველაფერს, რომ მნახველი როდესაც ნახატს უყურებს, სახელებს პირდაპირ მეუბნება - ეს ხომ არ დახატე, ან ის ხომ არ დახატე? ეს მომენტი მომწონს, როცა თვითონ ხდება დამთვალიერებელი ამ პატარა ამბის მონაწილე, რომელიც წარმოვადგინე.

- რა არის მხატვრების მთავარი გამოწვევა?

ცნობადობა, რომელიც საყოველთაო თემაა. აქამდე მაგ მიმართულებით არ მიფიქრია. ვცდებოდი, რადგან არც სახელზე და არც მარკეტინგზე არ მიმუშავია. უფრო მეტიც, აქ წარმოდგენილი ნახატების უმრავლესობა არაკომერციული სახით არის, ჩარჩოზეც კი არ არის გადაჭიმული, ტილოზე ან მუყაოზეა წარმოდგენილი. ასე არ შეიძლება, ნახატს უნდა მისცე სახე, ამაზე უნდა იმუშაო, რათა სასაქონლე შეხედულება ჰქონდეს. რაც შეეხება რეალიზაციას, არის შემთხვევები, როდესაც ვასხვისებ ჩემ ნამუშევრებს, მაგრამ ეს იმდენად მცირეა, რომ მიხდება პარალელურად სხვა საქმიანობით დაკავება, რათა შემოსავალი მქონდეს იმისთვის, რომ მხატვრობა არ შევწყვიტო. მითუმეტეს რეგიონში, სადაც ნახატები ნაკლებად მოთხოვნადია. მაგალითად, როცა ვინმე დაბადების დღეზე მიდის და საჩუქრის შერჩევა უნდა, ყიდულობს ჭიქებს, ,,ვაზას" ან რამეს ასეთს. ურჩევნია ეს ნივთი მმიუტანოს, ვიდრე ნახატი. რას ვიზამთ, ასეთია ცხოვრება და მას უნდა შევეგუოთ.
- რეალიზებას თუ ახდენთ?

დღეს, მაგალითად რამდენიმე ნახატი გავასხვისე და ერთი გავაჩუქე. ასე ხდება ხოლმე. გააჩნია ნახატის ზომას, ფორმას. საშუალოდ 100 ლარიდან იწყება ფასი. სახელმწიფოს იმდენი პრობლემა აქვს, ჩემნაირებისთვის არ სცალია.. პრინციპში არც ერთ მთავრობას არ ეცალა და არც მოიცლის ალბათ. თხოვნა მექნება მხატვრების მიმართ, შევხვდეთ პერიოდულად და ვილაპარაკოთ. ყველა ჩაკეტილია თავის ნაჭუჭში, თავის პატარა სივრცე აქვს და თავისი წრე ჰყავს. არადა, აუცილებელია შევხვდეთ ხოლმე პერიოდულად. განსაკუთრებით საინტერესოა, როდესაც შენგან განსხვავებული მიმართულებისა და აზროვნების მხატვარს ხვდები. მასთან უბრალო საუბარიც კი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გაძლევს იმის საშუალებას, რომ რაღაცეებს სხვანაირად შეხედო. შენ უზიარებ შენსას, ის თავისას და ვამდიდრებთ ერთიმეორეს, ეს კი აუცილებელია.

| Print |