კულტურა
ხერთვისის ციხე ქვათაცვენისგან გაწმინდეს
ხერთვისის ციხეზე კლდოვანი ნაწილის ქვათაცვენის გადაუდებელი სამუშაო ჩატარდა. უხვი ნალექის გამო კლდის ქანზე ქვათაცვენა დაფიქსირდა, რაც საფრთხეს უქმნიდა როგორც ბუნებრივი ქანის და ციხის კედლების მდგრადობას, ასევე ვიზიტორების უსაფრთხოებას. ქვის ცვენის არეალი ციხის იმ ნაწილში იყო, რომელთანაც სამანქანო გზა გადის.

კლდოვანი ნაწილის ქვათაცვენის გადაუდებელი გაწმენდითი სამუშაოების პროექტი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ დაგეგმა, ხოლო სამუშაოები ქართველმა ალპინისტმა, ბიძინა გუჯაბიძემ, თავის ჯგუფთან ერთად განახორციელა. მათ მდგომარეობის სტაბილიზაციისთვის კლდიდან არამდგრადი და მოძრავი ქვები მოხსნეს.
ძეგლი არტაანისა და ჯავახეთის მტკვრის შესართავთან კლდოვან მთაზე დგას. გეგმის მიხედვით წაგრძელებული მრავალწახნაგა ფორმის ნაგებობა კლდის კეხს მიუყვება და შედგება ციტადელისა და ქვედაციხისაგან. ციტადელის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს მცირე ზომის დარბაზული ეკლესიაც. ციტადელის კედლები გამაგრებულია კონუსური კონტრფორსებით. გალავანს ეკვრის ასევე ნახევარცილინდრული, ბურჯისებრი, რამდენიმესართულიანი კოშკები. ციხეში მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ დასავლეთიდან.
ციხე-სიმაგრის კედლების სამშენებლო წყობის მიხედვით უძველესი ფენა X საუკუნით თარიღდება. ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა ავრცელებს.
| Print |