კულტურა
აბასთუმნის ობსერვატორიის რეაბილიტაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აბასთუმნის ობსერვატორიის რეაბილიტაციას გეგმავს.

პროექტი დიდი ტელესკოპის AZT-11–ის შენობის სრულ რეაბილიტაციას მოიცავს, სადაც ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი, კაფე და საპირფარეშოები განთავსდება. მოეწყობა საგამოფენო და სამუშაო სივრცე, აღდგება არსებული ბიბლიოთეკა.

პროექტის ფარგლებში, ასევე გათვალისწინებულია მთავარი საპროექტო შენობის მიმდებარედ, დასახლების ცენტრალური ტერიტორიის კეთილმოწყობა, საბაგირო გზის აღდგენა, საერთო სარგებლობის საპირფარეშოებისა და პარკინგის მოწყობა.

რიგორც "მეცხრე არხის" მიერ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, ოფიციალურად გამოთხოვილ ინფორმაციაშია მითითებული, აბასთუმნის ობსერვატორიის რეაბილიტაციის დაწყების სავარაუდო თარიღი 2017 წლის 30 მაისი, დასრულების კი – 2018 წლის 30 ოქტომბერია.

აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის რეაბილიტაციას ფონდი, რეგიონული განვითარების მესამე პროექტის ფარგლებში აფინანსებს, რომელსაც დონორობას მსოფლიო ბანკი უწევს.

| Print |