კულტურა
1–ლი აპრილიდან ახალციხის ციხის კომპლექსში შესასვლელი ბილეთის ფასი იცვლება
1–ლი აპრილიდან ახალციხის ციხის კომპლექსში შესასვლელი ბილეთის ფასი იცვლება. ამის შესახებ განცხადებას ციხის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ვიზიტორები კომპლექსის ზედა ნაწილის დათვალიერებაში 5 ლარის ნაცვლად ექვს ლარს გადაიხდიან. შეღავათები ისევ მოქმედებს სტუდენტებზე, რომლებიც 3 ლარს გადაიხდიან და მოსწავლეებზე, რომელთაც 2 ლარის გადახდა მოუწევთ.

ამასთან, ქართულენოვანი გიდის მომსახურება 10 ლარი ღირს, ხოლო უცხოენოვანი გიდის – 20 ლარი.

შესაბამისი მოწმობის წარდგენით, ციხის ორივე ნაწილის დათვალიერება შემდეგი კატეგორიის ვიზიტორებისთვის უფასოა: ICOM-ის წევრებისათვის, საქართველოსა და უცხოეთის მუზეუმების თანამშრომელთათვის, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის, 6 წლამდე ასაკისა და მიუსაფარი ბავშვებისათვის, სოციალურად დაუცველ პირთათვის, ომის ვეტერანებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

ციხის კომპლექსში შესასვლელი ბილეთის ახალი ღირებულება 2017 წლის 21 მარტის ბრძანების საფუძველზე დადგინდა, რომელსაც ხელს დირექტორი ზაზა თამარაშვილი აწერს.
| Print |