მედია
რეგიონული მაუწყებლები, პარლამენტს, სამაუწყებლო რეგულაციების გადახედვისკენ მოუწოდებენ
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაახლოებით ერთი წლის წინ შევიდა. ცვლილება კანონის ათზე მეტ მუხლს შეეხო.

სამოქალაქო სექტორის, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ცვლილებები წინააღმდეგობაში მოდიოდა დემოკრატიული და გამჭვირვალე მმართველობის პრინციპებთან. საზოგადოებრივ მაუწყებელში კი ამბობდნენ, რომ ცვლილებები მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ხარისხიანი მედიაპროდუქციის შესაქმნელად.

მედიის პროტესტი განსაკუთრებით კომერციული და სოციალური რეკლამის განთავსების შესახებ მუხლში შესულმა ცვლილებამ გამოიწვია. ცვლილების მიხედვით საზოგადოებრივ მაუწყებელს კომერციული რეკლამის განთავსებისა და სპონსორობის უფლება მიეცა. კერძო მაუწყებლებმა პარლამენტსაც მიმართეს, რათა „მაუწყებლობის შესახებ კანონში” ის ცვლილებები არ შესულიყო, რომელიც „საზოგადოებრივ მაუწყებელში” სპონსორობისა და რეკლამის დაკანონებას ეხებოდა.

მიუხედავად ამისა, კანონში ცვლილებები შევიდა ,,2018 წლის პირველ კვარტლის მონაცემების მიხედვით, იმ პერიოდში, როცა მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები ამოქმედდა და საზოგადოებრივ მაუწყებელს კომერციული რეკლამისა და სპონსორობის დრო გაეზარდა, რეგიონული ტელეკომპანიების (თბილის გარეთ მოქმედი საერთო მაუწყებლები) შემოსავლებმა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 150 692 ლარით იკლო, საზოგადოებრივი მაუწყებლების მხოლოდ კომერციულმა შემოსავალმა კი იმავე პერიოდში 270 829 ლარით მოიმატა" – ნათქვამია მაუწყებელთა ალიანსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დასკვნა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამოქვეყნებულ 2018 წლის პირველი კვარტლის მაუწყებელთა შემოსავლებს ეყრდნობა.

რეგიონული ტელეკომპანიების შემოსავლები 2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებთან შედარებით საგრძნობლად შემცირდა. 22 რეგიონული ტელევიზიიდან მხოლოდ ოთხში დაფიქსირდა შემოსავლების მცირედი ზრდა.

,,ამ ფონზე, საზოგადოებრივი მაუწყებელის 2018 წლის პირველი კვარტლის მხოლოდ კომერციულმა შემოსავალმა 315 200 ლარი შეადგინა, რაც 217 668 ლარით მეტია წინა წლის იმავე პერიოდის სარეკლამო და სასპონსორო შემოსავალზე. ზოგადად საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოსავლების მატებამ, სახელმწიფო დაფინანსებისა და ტექნიკური მონაცემების ჩათვლით, 2018 წლის პირველ კვარტალში, 2017 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 1,5 მილიონ ლარს მიაღწია.

რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია საკანონმდებლო ცვლილებების განხილვის პროცესში აღნიშნავდა, რომ ცვლილებები, რითაც საზოგადოებრივ მაუწყებელს რეკლამისა და სპონსორობის დრო ეზრდებოდა, უარყოფითად პირველ რიგში სწორედ რეგიონის მცირე მაუწყებლებზე აისახებოდა. პროცესის გაგრძელების შემთხვევაში მიმდინარე პროცესი მოკლავს მცირე მაუწყებლებს საქართველოში. რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია (GARB) უერთდება მაუწყებელთა ალიანსის (AB) მოთხოვნას და პარლამენტს სამაუწყებლო რეგულაციების გადახედვისკენ მოუწოდებს.

| Print |