მედია
,,უფრო მეტი მაინტერესებს ახალგაზრდებისა და ბავშვების შესახებ" – ,,მეცხრე არხი"– ს კვლევის შედეგები
,,მხოლოდ მაღალი ხარისხი არის რეგიონული მედიის გრძელვადიანი წარმატების გარანტი" - აცხადებს DW Akademie –ის მედიაგანვითარების

დეპარტამენტის კოორდინატორი საქართველოში. სწორედ ამიტომ, 2017 წელს გამოცხადდა პროექტი, რომელშიც თავდაპირველად ოთხი რეგიონული ტელეკომპანია - ახალციხის ,,მეცხრე არხი", ბათუმის ,,ტვ25", ქუთაისის ,,რიონი" და ბორჯომის ,,ბორჯომი" მონაწილეობდნენ. 2018 წელს კი ამ სიას გორის ,,დია", გურჯაანის ,,გურჯაანი" და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი შეუერთდა.

მედიამდგრადობის პროექტის ფარგლებში თავდაპირველად შერჩეული ტელეკომპანიების კვლევა ჩატარდა და საქმიანობებიც ამის მიხედვით დაიგეგმა. ,,მეცხრე არხი"-ს ხელმძღვანელის აზრით, აუდიტორიის კვლევა პროექტის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

,,რეგიონული მედიისთვის კვლევის ჩატარება ეს დიდი ფუფუნებაა. ერთის მხრივ მიღებულმა შედეგებმა ჩაგვახედა სარკეში, ხოლო მეორეს მხრივ, მოგვაწოდა გამზადებული რეკომენდაცია მომავალი ნაბიჯების გადასადგმელად. მაშინ როცა, ინფორმაციას პირველწყაროდან იღებ, იცი უკვე როგორ უნდა მოამზადო მაყურებლისთვის საინტერესო მასალა და შეადგინო საეთერო ბადე. წარმატებული ფორმულის შესაქმნელად მხოლოდ ერთი რამ რჩება – გუნდთან ერთად თავდაუზოგავი მუშაობა".


დიუსელდორფი, რეგიონული ტელეკომპანია WDR - ის ოფისში

პროექტის პირველი ეტაპი რეგიონული ტელევიზიების გაძლიერებას, მედიაორგანიზაციული საკითხების განვითარებას და ტექნიკურ აღჭურვილობას ისახავდა მიზნად. ტელეკომპანია ,,დია"–ს დირექტორი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რეგიონში მცხოვრებ მაყურებელს სიღრმისეული მასალების დეფიციტი აქვს.

,,პირადად ჩემთვის, მნიშვნელოვანია, რომ ყველა რეგიონულ მედიაორგანიზაციას ჰქონდეს საკუთარი ტელევიზიის მუშაობის შეფასება ანუ SWOT ანალიზი. რის საფუძველზეც უნდა დაწეროს თავისი სტრატეგიული და სამოქმედო გეგმა, რომელშიც მნიშვნელოვანი ადგილი ფინანსურ რესურსს და კვალიფიციურ კადრს უნდა დაეთმოს. ჩატარებულმა კვლევებმა კი აჩვენა, რომ რეგიონულ მედიაზე დიდი მოთხოვნაა. მაყურებელი კი რეგიონში მიმდინარე პროცესების სიღრმისეულ გაშუქებას ითხოვს".

მაყურებელი, რომ სიღრმისეულ მასალებს ითხოვს, ეს თითქმის ყველა კვლევის შედეგების განხილვის დროს გამოვლინდა. ,,მინდა გავიგო როგორ და რატომ ხდება კონკრეტული ფაქტი, თორემ რა მოხდა, ამას სოციალური ქსელიდანაც ვიგებ" – ამბობს გურჯაანის მცხოვრები.


გერმანია, დოიჩე ველეს სტუდია

საქართველოს რეგიონულ მედიაში შექმნილი პრობლემების მოსაგვარებლად გამოცხადებული მედიამდგარდობის პროექტი ერთ–ერთია მათ შორის, რომელზეც DW Akademie Central Europe and Asia – ს გუნდი მუშაობს.

,,მედია ბაზრის მუდმივი განვითარება და ახალი ტექნოლოგიური გამოწვევები რეგიონულ მედიაზე უფრო მკაცრად მოქმედებს, ვიდრე ეროვნულ მედია საშუალებებზე. რეგიონული მედიის ხელშეწყობა არის მნიშვნელოვანი, იმისათვის რომ რეგიონის მაცხოვრებლებს დაბალანსებულ და ხარისხიან ინფორმაციაზე წვდომა შეეძლოთ. მხოლოდ მაღალი ხარისხი არის რეგიონული მედიის გრძელვადიანი წარმატების გარანტი" - აცხადებს DW Akademie –ის მედიაგანვითარების დეპარტამენტის კოორდინატორი საქართველოში სოფიკო სიჭინავა.


,,მეცხრე არხი"–ს აუდიტორიის კვლევის შედეგების განხილვა

ტელეკომპანია ,,მეცხრე არხი" DW Akademie Europe and Central Azia–ს ორგანიზებით, შვიდ პარტნიორ ტელეკომპანიასთან ერთად გერმანიაში იმყოფებოდა, სადაც მედიამდგრადობის პროექტის ფარგლებში 2018 წლის შედეგები შეაჯამა და მომავალი წლის პრიორიტეტები დაგეგმა.
| Print |