მედია
სამცხე–ჯავახეთის სამოქალაქო საზოგადოების წევრები დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ
7 დეკემბერს, ,,დემოკრატ მესხთა კავშირი"-ს ორგანიზებით, თბილისში, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში NGO ფორუმი გაიმართა.

დიალოგში, ათამდე საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია და სამცხე-ჯავახეთის არასამთავრობო და მედია სექტორის 17 წარმომადგენელი მონაწილეობდა.

პროექტის ორგანიზატორის დავით აფრასიძის თქმით,

,,ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ინიციატივა არა სათავო ოფისიდან, არამედ რეგიონიდან წამოვიდა და შესაძლებელია, მსგავსი ფორუმი სხვა რეგიონებისთვისაც მოეწყოს".

ფორუმის გამართვის იდეა ახალციხეში გამართულ სამუშაო შეხვედრებზე გამოიკვეთა, როცა ერთ–ერთ მთავარ პრობლემად ადგილობრივმა ორგანიზაციებმა საკუთარი პროდუქტის ნაკლები ცნობადობა დაასახელეს.

,,სწორედ მაშინ გაჩნდა იდეა, რომ დონორ ორგანიზაციებს უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონოდათ სამცხე–ჯავახეთში მოქმედი სამოქალაქო თუ მედია ორგანიზაციების შესახებ. იმედია, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ დონორ ორგანიზაციებსა და სამოქალაქო სექტორს შორის აქტიური თანამშრომლობა დაიწყება" – განმარტავს გიორგი ანდღულაძე. 

ფორუმში რეგიონულმა ორგანიზაციებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს და დონორი ორგანიზაციების პრიორიტეტები მოისმინეს. პროექტ “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა”-ს ხუთი თბილისისა და 10 რეგიონული სამოქალაქო ორგანიზაცია ახორციელებს.
| Print |