მედია
მრჩეველთა საბჭო მანუჩარ გოგოლაურმაც დატოვა
ახალციხის მერიის მრჩეველთა საბჭო ჯაბა ნათენაძის შემდეგ კიდევ ერთმა წევრმა, მანუჩარ გოგოლაურმა დატოვა. მერიის მრჩეველთა საბჭოს უკვე ყოფილი წევრი და მესხეთის თეატრის მსახიობი ამბობს, რომ სახელმწიფო მანქანის ქმედების შემდეგ მერიასთან თანამშრომლობის ფორმას ვეღარ ხედავს.

„ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მივიღე ეს გადაწყვეტილება. მთელი სახელმწიფო მანქანა გადასულია იმაზე, რომ შეადგინონ სიები, ხალხი წაიყვანონ და რაღაც უაზრო კანონი გაამართლონ.

ამ ფონზე მე ვერ ვხედავ თანამშრომლობის გაგრძელებას იმ ადამიანებთან, რომლებიც რუსულ კანონს ემხრობიან. თავიდან იმიტომ მივიღეთ საბჭოში შესვლის გადაწყვეტილება, რომ რაღაცა ფორმით გვეთანამშრომლა და ჩვენი გამოცდილება გაგვეზიარებინა მერიისთვის, რაზე უნდა ვითანამშრომლოთ როცა ქვეყანა სხვა გზით მიდის, არ ვიცი.

ბოლო სამი დღეა თათბირი თათბირზე ტარდება და მიდის გამალებული მუშაობა ვინ რამდენ კაცს წაიყვანს აქციაზე. მსგავს ვითარებაში ხელისუფალი როგორ ამთავრებს, ყველამ კარგად ვიცით.

აღარ აქვს აზრი თანამშრომლობას, რაზე უნდა ველაპარაკო. წელიწადზე მეტია ვერიპლანის დასახლების აღმართი გადათხრილია, ამას არ აქცევენ ყურადღებას და გადართულები არიან იმაზე, როგორ წაიყვანონ ხალხი აქციაზე“
- ამბობს მანუჩარ გოგლაური.

მერიის მრჩეველთა საბჭოს 27 წევრიდან პროტესტის ნიშნად ორმა წევრმა დატოვა საბჭო. უკვე ყოფილი წევრები ამბობენ, რომ სახელმწიფო მანქანის ქმედების შემდეგ მერიასთან თანამშრომლობის ფორმას ვეღარ ხედავენ.

ხელისუფლებასთან თანამშრომლობის შეწყვეტის გადაწყვეტილება 25 აპრილს, 150-ზე მეტმა მედია და საზოგადოებრივმა ორგანიზაციამაც მიიღო. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ

,,ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, სანამ ხელისუფლება "რუსულ კანონს" არ გაიხმობს; ვაცხადებთ, რომ არასოდეს, არავითარი ფორმით არ დავრეგისტრირდებით ღირსების შემლახავ რეესტრში".
| Print |