პოლიტიკა
როგორ იქმნებოდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა
1918 წელს 26 მაისს, დილით დაიშალა ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკა და ამიერკავკასიის სეიმი. დღის 5 საათსა და ათ წუთზე საქართველოს

დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოცხადდა.

დამოუკიდებლობის აქტი იურისტმა გვაზავამ შეადგინა და წინასწარ გააცნო ჟორდანიას. ეროვნული საბჭოს სხდომაზე დამოუკიდებლობის აქტი ჟორდანიამ წაიკითხა. საბჭომ აქტი ერთხმად დაამტკიცა. ამაზე სხდომაზე დაამტკიცეს სამინისტროების რაოდენობა და მთავრობის პერსონალური შემადგენლობა ნოე რამიშვილის თავმჯდომარეობით.

ჟორდანია ფაქტობრივად აღმოჩნდა საქართველოს რესპუბლიკის დროებითი პარლამენტის თავმჯდომარე, ხოლო 24 ივლისიდან გახდა საქართველოს დროებითი მთავრობის თავმჯდომარე ნოე რამიშვილის ნაცვლად.

1919 წელს მოეწყო პროპორციულ სისტემაზე დაფუძნებული არჩევნები დამფუძნებელი კრებისა. კრება 12 მარტს გაიხსნა. 130 დეპუტატიდან 109 სოციალ-დემოკრატი იყო, შესაბამისად, ჟორდანიამ შეძლო წმინდა პარტიული მთავრობის ჩამოყალიბება. ამ მთავრობის დასაყრდენს სახალხო გვარდია წარმოადგენდა.

ჟორდანიას წინადადებით მიღებული იქნა საქართველოს სახელმწიფო გერბი. მასზე გამოსახული იყო თეთრი გიორგი.

ჟორდანიამ მთავრობის თავმჯდომარეობისას გაატარა აგრარული რეფორმა, რომელსაც ყველაზე მნიშვნელოვან რეფორმად აფასებდა. დიდ მემამულეებს მიწები ჩამოართვეს და მათ მხოლოდ 7 დესეტინა მიწა დაუტოვეს. ჟორდანიას მთავრობამ მიიღო ვრცელი კანონმდებლობა, შემოიღო 8 საათიანი სამუშაო დღე, კოლექტიური ხელშეკრულება, შრომის კამერა.

ჟორდანია ეწინააღმდეგებოდა ბოლშევიკურ და სეპარატისტულ ტენდენციებს, ეთნიკურ უმცირესობებს მიენიჭათ პოლიტიკური და კულტურული უფლებები.

იგი ცდილობდა, მიეღწია საქართველოს საერთაშორისო აღიარებისთვის. რადგანაც ამს ვერ მიაღწია, გადაწყვიტა ჯერ ბოლშევიკური რუსეთისგან მიეღო აღიარება. 1920 წელს ჟორდანიამ რუსეთთან დამოუკიდებლობის ცნობის ხელშეკრულების დასადებად გაგზავნა გრიგოლ ურატაძე. ხელშეკრულება დაიდო 1920 წლის 7 მაისს.

ამ ხელშეკრულებით დამყარდა დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის, ასევე, საქართველომ მიაღწია საერთაშორისო-სამართლებრივ აღიარებას. ხელშეკრულების დადებამდე ერთი თვით ადრე კი საქართველოს გვარდიამ გენერალ კვინიტაძის მეთაურობით მოიგერია რუსეთის არმია, რომელიც აზერბაიჯანიდან ცდილობდა საქართველოს დაპყრობას.
Print