პოლიტიკა
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა სირიამ აღიარა
სირიის მთავრობამ დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა საქართველოს ორი რეგიონი - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. 29 მაისს, აფხაზეთის დე ფაქტო

რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დაურ კოვემ განაცხადა, რომ აფხაზეთმა და სირიის რესპუბლიკამ საელჩოების დონეზე დაამყარეს დიპლომატიური ურთიერთობები, რაც ადასტურებს საერთო სწრაფვას ყველა სფეროში ურთიერთობების განვითარებისკენ.

29 მაისს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა კომუნიკე, რომლის თანახმად, „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკამ და სირიის არაბთა რესპუბლიკამ გამოაცხადეს ურთიერთაღიარება და დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს.

“ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარებული აქვთ რუსეთს, ვენესუელას, ნიკარაგუას და ნაურუს.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ „სირიის მიერ „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარება იმ შეუქცევადი პროცესის გაგრძელებაა, რომელიც 2008 წელს დაიწყო“.

„დამოუკიდებლობის ურთიერთაღიარება და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასა და სირიის არაბულ რესპუბლიკას შორის მნიშვნელოვანი და ისტორიული მოვლენაა.

ახალი მეგობრები ყველას სჭირდება, მითუმეტეს ისეთ ქვეყნებს, რომლებიც მძიმე პირობებში აღმოჩნდნენ, სამხედრო აგრესიისა და ტერორიზმის წინაშე დადგნენ“, - აღნიშნა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

ანატოლი ბიბილოვმა ასევე მადლობა გადაუხადა სირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადს და მზაობა გამოთქვა, „მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარებისთვის“.

შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სირიამ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობა აღიარა“. 


Print