პოლიტიკა
ნიკოლ ფაშინიანს, ჯავახეთში, საღამოს ელოდებიან
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან ერთად სამცხე-ჯავახეთში გაემგზავრება

და ახალქალაქში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდება.

ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს 30 მაისს ორდღიანი ვიზიტით მეუღლესთან ერთად ეწვია.

თბილისის აეროპორტიდან ნიკოლ ფაშინიანი მთავრობის ადმინისტრაციაში გაემგზავრა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს პირისპირ შეხვდა. მოგვიანებით კი ორი ქვეყნის მთავრობის წევრებს შორის გაფართოებული შეხვედრა შედგა.

ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესაც შეხვდა.

31 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, ბატონი ნიკოლ ფაშინიანი და მისი თანმხლები პირები მიიღო.

შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. საუბარი შეეხო ორ ქვეყნას შორის არსებულ ისტორიულ-კულტურული კავშირების მნიშვნელობას.



31 მაისს, სომხეთის პრემიერ – მინისტრი სამცხე–ჯავახეთს წალკიდან ეწვევა. ნიკოლ ფაშინიანს რეგიონში საღამოს 5 სათისთვის ელოდებიან. იგი შეხვედრებს გამართავს გზისპირა მდებარე სოფლების – ფოკის, განძისა და სათხის მოსახლეობასთან, ხოლო შემდეგ ნინოწმინდისა და ახალქალაქის ადგილობრივ ხელისუფლებასთან.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოდან სომხეთში ავტომანქანით დაბრუნდება.

Print