პოლიტიკა
ახალქალაქის საკრებულომ შინაურ ცხოველებს გამრავლება შეუზღუდა
,,ახალქალაქის საკრებულოს დადგენილებების თანახმად, 2 წლამდე და 6 წლის ზემოთ ასაკის შინაური ცხოველების გამრავლება მხოლოდ წელიწადში

ერთხელ დაიშვება, დაავადებული და დეფექტის მქონე ცხოველებისა კი საერთოდ იკრძალება.

ამგვარი შეზღუდვა და აკრძალვები ახალქალაქის საკრებულომ 2018 წლის 14 ივნისს დაამტკიცა. დადგენილებებში აღნიშნულია, რომ შინაური ცხოველების გამრავლებაზე ასაკობრივი შეზღუდვა პოპულაციური კონტროლის მიზნით ხდება.

ამასთან, ცხოველთა გამრავლება საერთოდ აკრძალულია ისეთი დაავადებების დაფიქსირებისას, როგორც არის: დისპლაზია, გენერალიზებული დემოდეკოზი, იდეოპათიური ეპილეფსია, კრიპტოხიზმი, ლეიშმანიოზი, ასევე გენეტური სნეულებების, თანდაყოლილი ხარვეზებისა და პათოლოგიების შემთხვევაში.

იმავე დადგენილებებით აიკრძალა სხვადასხვა სახეობისა და სხვადასხვა ჯიშის ცხოველების შეჯვარება, ხოლო ერთი სახეობისა და სხვადასხვა ჯიშის ცხოველთა შეჯვარება მხოლოდ სელექციური მიზნებით არის დასაშვები. ძუ ცხოველის მეპატრონეებს ევალებათ, რომ შეჯვარებისა და გამრავლების დროს მათ სათანადო პირობები შეუქმნან"
– ინფორმაციას სააგენტო www.reginfo.ge ავრცელებს.

როგორც ,,მეცხრე არხს" ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ნაირ ირიციანმა განუცხადა, გამართულ სხდომაზე ნამდვილად იმსჯელეს შინაური ცხოველების მოვლა–პატრონობის შესახებ, თუმცა საკითხი ძირითადად, რეგიონში, თავშესაფრის აშენებას ეხებოდა.

საკრებულოს აპარატის თანამშრომელი კი განმარტავს, რომ დეპუტატებმა პროექტში ფინანსური მონაწილეობის შესახებ იმსჯელეს, რომლის მიხედვით სამცხე–ჯავახეთში, რეგიონული ცენტრი უნდა აშენდეს, რომელიც სავარაუდოდ ასპინძაში იქნება. რეჟ ერიკიანი ამბობს, რომ სხვა დეტალების შესახებ, საკითხის გარშემო არ არის ინფორმირებული.

ახალქალაქის საკრებულოში 38 წევრია. მათ შორის, 31 „ქართული ოცნებიდან“, 5 – „პატრიოტთა ალიანსიდან“, თითო-თითო კი „ევროპული საქართველოდან“ და „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოდან“.



Print