პოლიტიკა
დეპუტატმა გიორგი კოპაძემ ბოდიშის მოხდა გადაწყვიტა
ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე მზადაა, რომ "მე–9 არხის" ეთერით საკრებულოს ყოფილ წევრს ჯიმშერ გოგოლაურს ბოდიში მოუხადოს.
პარლამენტის წევრი უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აღასრულებს –კოპაძის ეს გადაწყვეტილება მისმა ადვოკატმა დავით მუმლაძემ "მე–9 არხთან" სატელეფონო საუბრისას გაგვაცნო.

ორწელიწადნახევრის წინ, ადგილობრივი ტელევიზიით გაკეთებული განცხადების უარყოფა, უზენაესმა სასამართლომ, ახალციხის ყოფილ მერს 17 იანვარს დაავალა, თუმცა გიორგი კოპაძემ გადაწყვეტილება არ აღასრულა. ამიტომ საკრებულოს ყოფილმა ოპოზიციონერმა წევრმა აღსრულების ეროვნულ ბიუროს 12 ივნისს მიმართა.


აღმასრულებლებმა მხარეებთან მოლაპარაკებები აწარმოეს და ტექნიკური დეტალების დასაზუსტებლად ტელეკომპანია "მე–9 არხს" წერილობით მიმართეს, რათა განისაზღვროს როდის დაუთმობს ადგილობრივი ტელეკომპანია საეთერო დროს გიორგი კოპაძეს ბოდიშის მოსახდელად.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დავა ჯიმშერ გოგოლაურმა დაიწყო და ახალციხის ყოფილი მერისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა. კოპაძეს გოგოლაურისთვის სახელმწიფო ბაჟის, 100 ლარის გადახდაც მოუწევს.

ჯიმშერ გოგოლაური არ გამორიცხავს, რომ გიორგი კოპაძეს იგივე საქმეზე მორალური ზიანის მიყენებისთვისაც უჩივლოს. ის ამბობს, რომ ქალაქის ყოფილი მერის განცხადებამ, მას პოლიტიკური კარიერის შექმნაში ხელი შეუშალა.

საქმე ეხება 2015 წლის 10 დეკემბერს, მე–9 არხის პირდაპირ ეთერში, გადაცემა "დიალოგში" გაკეთებულ განცხადებას, სადაც ქალაქის მერმა საკრებულოს დეპუტატს ბრალი დასდო, რომ ძალოვან უწყებაში მუშაობის პერიოდში პატიმრებს აწამებდა და მათგან სასურველი ჩვენების მიღებას ძალისმიერი მეთოდებით ცდილობდა.
საქმე ყველა ინსტანციამ განიხილა და ჯიმშერ გოგოლაურის სარჩელი დააკმაყოფილა.

Print