პოლიტიკა
სამთავრობო გადაწყვეტილება თუ განტევების ვაცის ძებნის პროცესი – ახალციხეში გუბერნატორების გათავისუფლებას აფასებენ
გუბერნატორების გათავისუფლების საკითხზე საუბრობენ ახალციხეში. მმართველი და ოპოზიციური

პარტიის წარმომადგენლები მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებას არაერთგვაროვნად აფასებენ. ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო"–ს ახალციხის ოფისის წარმომადგენელი გიორგი გვარამაძე აცხადებს, რომ გუბერნატორების გათავისუფლება სამთავრობო გუნდის გადაწყვეტილება იყო.

,,ამაზე კომპეტენცია არ გაგვაჩნია. სამცხე – ჯავახეთის გუბერნატორის კახა სამხარაძის საქმიანობას კი დადებითად ვაფასებ".



მმართველი ძალისგან განსხვავებით, ოპოზიცია ფიქრობს, რომ ააღნიშნული ცვლილებით ქვეყანაში არაფერი შეიცვლება. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის ირაკლი ბარძიმაძის აზრით, ბიძინა ივანიშვილი განტევების ვაცის პოვნის პროცესს თამაშობს.

,,ადრე ქვეყნის დანგრევა – საყდრისის აფეთქება და ხეების გადატანა ნაციონალების ბრალი იყო. გავიდა 6 წელი და აღარ ჭრის მიშა, ახლა კვირიკაშვილის ბრალი იქნება ყველაფერი.

გაიწირა კვირიკაშვილი თავისი ჯგუფით და ერთი მჭამელი შეიცვლება მეორით. გათავისუფლებული გუბერნატორებიდან შეიძლება ზოგი იყო კვირიკაშვილის კადრი და ზოგს პატრონი არ ჰყავდა, მაგრამ არც კვირიკაშვილს ჰქონდა პრობლემა მათთან მუშაობის.

არ არის გამორიცხული ამ გუბერნატორბიდან ზოგი ციხეში წავიდეს, ზოგზე გამოძიება დაიწყოს. მერე გამოჩნდეს, რომ ესენი ეკონომიკას ანგრევდნენ, რაღაცას აშავებდნენ, ტენდერებში იყვნენ და ა.შ. ყოველთვის დამნაშავე იქნება სხვა, მაგრამ არასდროს ბიძინა.

დღეს ამბობს, რომ ქუმსიშვილმა და კვირიკაშვილმა დამიმალა ყველაფერიო. გაგახსენებთ იმ დროს, როცა ლარი გაუფასურდა და ივანიშვილი რჩევებს იძლეოდა პირადი ბანკირი აიყვანეთ ვალში, რომ არ გადავარდეთო".




,,ევროპული საქართველო"–ს ახალციხის ორგანიზაციის თავმჯდომარის გელა დემეტრაძის აზრით,

,,ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, უფროდაუფრო მძიმდება სიტუაცია ქვეყანაში. მხედველობაში მაქვს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა.

სიღარიბე რომ იზრდება, ეს უახლოესმა კვლევებმაც აჩვენა. გუბერნატორების გათავისუფლებით ხელისუფლებამ გადაწყვიტა თავი იმართლოს მოსახლეობის წინაშე.

ამ ადამიანებზე ხდება ჯოხის გადატეხა, თორემ საქართველოს მთავარი პრობლემა არის არაფორმალური მმართველობა, რომელიც იგივე რჩება და ამიტომ ამ ცვლილებებით ქვეყანაში ვითარება არ გამოსწორდება".



Print