პოლიტიკა
10 წელი აგვისტოს ომიდან
დისკუსია თემაზე – ,,10 წელი აგვისტოს ომიდან - ოკუპირებული ბიომრავალფეროვნება” –გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში გაიმართა.

სპეციალისტებმა, ექსპერტებმა და ჟურნალისტებმა ერთად იმსჯელეს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გარემოზე მიყენებულ ზიანსა და ტრაგედიიდან დღემდე განვითარებული მოვლენებზე. პირველ ეტაპზე მოხდა დაყოვნება და ვითარების შესწავლა, რაციყო სწორი – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მწვანე ალტერნატივა“–ს წარმომადგენელი. ირაკლი მაჭარაშვილის აზრით, პროცესები გარემოს დაცვის სამინისტროს ენერგეტიკის სამინისტროსთან ინტეგრირებამ და შემდეგ უკვე 2017 წელს გაჩენილმა ხანძარმა შეაფერხა.

,,აღდგენის თვალსაზრისით შარშან, აგვისტოს თვეში, დაბაში გაჩენილმა ხანძრმა უკან დაგვხია. აღდგენა–ხელშეწყობის თავლსაზრისით რაც გაკეთებული იყო, ისიც თავიდან გასაკეთებელი გახდა. თუმცა 2013–შიც თავიდან გახდა გასაკეთებელი, რაც 2008–ში გაკეთდა. ტყეს აზიანებს არამარტო უსისტემო ჭრა ან ხანძარი, არამედ უსისტემო ძოვებაც" – აცხადებს ირაკლი მაჭარაშვილი.

2008 წლის აგვისტოს ომმა ქვეყანა ეკოციდის წინაშე დააყენა, რის გამოც მიყენებული ზარალი არის ორმაგი. საქართველომ ერთის მხრივ მიიღო დამწყვარი ტყე, განადგურებული ფლორა და ფაუნა, შეცვლილი კლიმატი, ხოლო მეორეს მხრივ ფოთში ქართული კატარღების აფეთქების შედეგად ზღვაში 50 ტონამდე ჩაღვრილმა ნავთობპროდუქტმა თევზები და წყალში მცხოვრები ძუძუმწოვრები გაანადგურა. ზოოლოგი ზურაბ გურიელიძე ცხოველებზე ხელოვნური კატასტროფების შედეგს გამოუკვლეველს უწოდებს.

,,გასაქცევი საშუალება თუ აქვთ, ეგ კიდევ ცალკე საკითხია. ხელოვნური კატასტროფები როდესაც ხდება, ცხოველები დაუცველები არიან. აფეთქებების, სროლისა და სხვა საომარი მოქმედებების დროს ცხოველები სტრესს იღებენ. მაგალითად შემიძლია მოვიყვანო, რომ ერთი გასროლის შედეგად ირმების მყვირალობა ერთი კვირის განმავლობაში შეწყდა, მხოლოდ ერთი გასროლით" – ამბობს ზურაბ გურიელიძე. 

ჟურნალისტი თომა ჩაგელიშვილი ათი წლის წინ მედიის საქმიანობას განსაკუტრებით მნიშვნელოვანს უწოდებს, რადგან მისი აზრით, ქართულმა და უცხოურმა მედიამ გაარღვია რუსული კიბერშეტევა და მსოფლიოში გაიტანა ის ამბავი, რაც სინამდვილეში ხდებოდა საქართველოში.

,,რაც მაშინ გაკეთდა, ყველაზე მთავარი იყო ის, რომ მედია იყო ერთერთი, ვინც გაარღვია რუსული ალყა, რას ჰქვია საინფორმაციო შტორმი. ის შტურმი, რაც რუსებმა დაიწყეს საქართველოზე, ამავე დროს დაიწყეს მთელ მსოფლიოზე. დაიწყეს კიბერშეტევა საქართველოზე, რომ ერთ თეთრ ლაქად ექციათ ქვეყანა და ინფორმაცია არ გასულიყო აქედან, თუ რა ხდებოდა სინამდვილეში საქართველოში, რათა მათ გაეკეთებინათ ყველაფერი. პირველ რიგში ქართველი ჟურნალისტების და შემდეგ უცხოური მედიის დამსახურებაა, მსოფლიომ გაიგო, რომ საქართველო იყო მსხვერპლი და არა ის, რომ 2 000 მშვიდობიანი მოქალაქე დახოცეს ცხინვალში. საქართველო მძინარე ცხინვალს კი არ დაესხა, არამედ ეს იყო რუსული აგრესია საქართველოზე" – აცხადებს თომა ჩაგელიშვილი.

ღონისძიების მიზანი აგვისტოს ომის დროს გარემოზე მიყენებული ზიანის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ამ მიმართულებით გატარებული ღონისძიებების შეფასება იყო.

Print