პოლიტიკა
გენადი ენდელაძე ბიძინა ივანიშვილზე: ,,სპეციალურად ჩამოვიდა, რომ აბასთუმანს თავისი ხელი დაატყოს"
საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე ,,ქართული ოცნები"–ს პარტიის თავმჯდომარე აბასთუმანში ოჯახთან ერთად ისვენებს და კურორტზე არსებულ მდგომარეობას ეცნობა.

ადგილობრივების განმარტებით, ყოფილი პრემიერ–მინისტრი აბასთუმნელებს ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად განხორციელებას პირდება. სასტუმრო ,,აბასთუმნის" ხელმძღვანელი გენადი ენდელაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი მათ აბასთუმნის ,,შველას" დაპირდა.

,,შემოვიდა კულტურულად, ადამიანურად, გადახედა კანალიზაცია არა, ეს არა, ის არა. ხალხს დაუძახა და თქვა, რომ დასახმარებლად ვარ ჩამოსულიო. ჩამოიარა წყლის სანაპიროები... ყველა ობიექტს ნახულობს, ვის რა დახმარება ჭირდება, მეც მკითხა. თვითონ ნახა ყველაფერი. არვიცოდი აბასთუმანი ასე ძალიან თუ იყო ჩამორჩენილი და აუცილებლად უნდა ვუშველოთო. გამგებელთან ერთად ყველაფერს წერენ და გეგმავენ, სპეციალურად ჩამოვიდა, რომ თავისი ხელი დაატყოს. ტელეფონში უთხრა ვიღაცას, სასწრაფოდ გაამზადეთ პროექტიო, მაგრამ ვის ესაუბრა არვიცი" – აცხადებს ,,მეცხრე არხთან" გენადი ენდელაძე.

ბიძინა ივანიშვილის აბასთუმანში ყოფნის პერიოდში, სარეაბილიტაციო სამუშაოების მონიტორინგის მიზნით, კურორტზე ვიცე–პრემიერიც ჩავიდა.

,,რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აბასთუმანში მე-19, 20-ე საუკუნეებში აშენებული სახლებისა და ასტროფიზიკური ობსერვატორიის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების მონიტორინგის მიზნით, ადგილზე, ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - მაია ცქიტიშვილი ჩავიდა. ისტორიული ხის სახლების, ობსერვატორიისა და მიმდებარე საბაგირო გზის რეაბილიტაცია წელს დაიწყო და მომავალი წლის ბოლოს დასრულდება" – ვკითხულობთ სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბიძინა ივანიშვილზე არა, მაგრამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ვიზიტზე საუბრობს ადიგენის მერი. ზაქარია ენდელაძე აცხადებს, რომ მაია ცქიტიშვილთან ერთად აბასთუმანში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და პროექტების გრძელვადიან პერსპექტივაში განხორციელების დეტალებზე ისაუბრა.

,,ჩვენ ვზრუნავთ აბასთუმნის რეაბილიტაციაზე, დაწყებულია უკვე სარეაბილიტაციო სამუშაოები და ძალიან მალე ყველა ერთად ვნახავთ, პროექტით გათვალისწინებულ ვადებში, როგორ აღდგება აბასთუმანი" – განმარტავს ადიგენის მერი.


Print