პოლიტიკა
მამუკა ბახტაძემ 7 რეგიონში გუბერნატორები წარადგინა
პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ახალი გუბერნატორები 6 რეგიონში წარადგინა. გუბერნატორების წარდგენა მთავრობის ადმინისტრაციაში 11:00 საათზე გაიმართა.

მამუკა ბახტაძემ ექვსივე რეგიონის რწმუნებულს პროფესიონალი უწოდა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

,,უმთავრესი პრიორიტეტია თანაბარი განვითარება. სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის პროექტების განვითარება არ არის საკმარისი. გუბერნატორებმა ძალიან მაღალ დონეზე და დისციპლინირებულად უნდა შეძლონ მათი პრობლემების გადაწყვეტა. შერჩეულ პირებს ეძლევათ შესაძლებლობა თავისი ძალა, ენერგია და ენთუზიაზმი მოახმარონ ერსა და ქვეყანას" – განაცხადა მამუკა ბახტაძემ

მცხეთა–მთიანეთი – შალვა კერესელიძე

ქვემო ქართლი – შოთა რეხვიაშვილი

სამცხე–ჯავახეთი – ბესიკ ამირანაშვილი

იმერეთი – შავლეგო ტაბატაძე

შიდა ქართლი – გიორგი ხოჯევანიშვილი

სამეგრელო–ზემო სვანეთი – ალექსანდრე მოწერელია,
ხოლო მოადგილედ ნინო ვიბლიანი დაინიშნა, რომელიც სოფელ ჭუბერში მერიის წარმომადგენელი იყო.

მამუკა ბახტაძემ დღესვე გურიის გუბერნატორიც წარადგინა. აღნიშნული პოსტი ვაკანტური დღეიდან გახდა და ამის შესახებ საზოგადოებამ სოციალურ ქსელში თავად გუბერნატორის მერაბ ჭანუყვაძის პოსტიდან შეიტყო. გურიის გუბერნატორად პრემიერმა ზურაბ ნასარაია დაასახელა.

მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ცვლილებები შეეხება გუბერნატორის მოადგილეებსაც.

შეგახსენებთ, რომ 5 რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული თანამდებობიდან ივლისში გაათავისუფლეს: შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის და სამცხე- ჯავახეთის გუბერნატორები. გუბერნატორი არ ჰყავს ასევე იმერეთსაც, მას შემდეგ, რაც გივი ჭიჭინაძე შუალედურ არჩევნებში პარლამენტის დეპუტატი გახდა, ხოლო გურიის გუბერნატორის პოსტი ვაკანტური დღეიდან გახდა.

Print